26 მაისი ახალციხეში – სტუმრებს დაცული ტერიტორიების გაცნობისა და ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

26 მაისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება.
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ერთიანი კონცეფცია – „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ აერთიანებს. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა აქტივობა ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე იქნება დაფუძნებული.
„26 მაისს რაბათის ციხე რამდენიმე თემატურ ზონად – შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად დაიყოფა. მოეწყობა საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. სტუმრებს საშუალება ექნებათ, ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით იმოგზაურონ ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთისა და ვაშლოვანის ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე. სკოლის მოსწავლეები პრეზენტაციებს გამართავენ თემაზე „საქართველოს დაცული ტერიტორიები“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდებიან ყველაზე სტაჟიანი, ნორჩი და პირველი ქალი რეინჯერები.
„ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ქართული ბაზრის სივრცეში ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები გაიყიდება. საგამოფენო სივრცეში ქართული თეატრის, კინოსა და მუსიკის შესახებ ინსტალაციებსა და გამოფენებს გააერთიანებს. მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენები. გასართობ სივრცეში მოეწყობა საბავშვო კუთხე, სადაც მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-შემეცნებითი გასართობი აქტივობები და სპორტული შეჯიბრებები გაიმართება.
მთელი დღის განმავლობაში მთავარ სცენაზე გაიმართება კონცერტები, ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით. ზუსტად 17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები