ხულოში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა

ხულოში პროფესიული სასწავლებელი გაიხსა. საზოგადოებრივი კოლეჯი ქობულეთის ,,ახალი ტალღის“ ფილიალია. პროფესიული კოლეჯი ხულოს სკოლის ბაზაზე გაიხსნა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვისაც. ერთდროულად სწავლა 150 სტუდენტს შეუძლია, ამ დროისთვის 60 მსურველია რეგისტრირებული. პროფესიულ სასწავლებელში პირველ ეტაპზე 5 საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდება, ესენია: ტურიზმი, ელექტროობა, ინფორმაციის ტექნოლოგია, სატყეო საქმე და ვეტერინარია.
პროგრამით გათვალისწინებულია ინგლისური ენის სწავლებაც. სწავლა იქნება უფასო და მიღება განხორციელდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ერთიანი წესით, სწავლების პროცესში მთავარი აქცენტი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პრაქტიკულ კომპონენტზე გაკეთდება.

,,დღეს საქართველოს სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ხსნის ქობულეთის კოლეჯის ,,ახალი ტალღის“ ერთ-ერთ ფილიალს ხულოში. ამ პროექტისათვის ძალიან დიდი ინვესტიციაა განხორციელებული. რამდენიმე წელია მიმდინარეობდა შენობის რეაბილიტაცია და დღეს ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მაღალმთიან აჭარას აქვს ხელმისაწვდომობა პროფესიულ განათლებაზე. ეს არის 5 პროგრამა და 150 სტუდენტის მიღებას შეძლებს ეს ფილიალი. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, იმიტომ რომ დღეს მოხდა შეხვედრა იმ სტუდენტებთან, რომლებიც უკვე დარეგისტრირდნენ, ახლა სწავლის სურვილი 60-მა სტუდენტმა გამოთქვა. ძალიან საინტერესო პროგრამები ელოდება ხულოს მოსახლეობას, რადგან ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაფართოვოთ ის სპექტრი, რომელიც იქნება შეთავაზებული პროგრამის ფარგლებში. ასევე, ზრდასრული მოსახლეობისათვის იქნება შეთავაზებული მოკლევადიანი კურსებიც.
მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა ადგილობრივ მკვიდრს. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ტურიზმის განვითარებისათვის და სხვა ინდუსტრიების განვითარებისათვის, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ კომპანიებს ჰყავდეთ მაღალკვალიფიციური ძალა. მსურველებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ სწავლა. არიან ადგილობრივი სპეციალისტები, მასწავლებლები, ისინი უწყვეტ რეჟიმში გაივლიან ტრენინგებს“, – აღნიშნა საქართველოს განათლების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ.



კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები