,,დეპუტატებისთვის სასამართლოს საკითხი იყო გასვლის საბაბი და რეალურად, ეს არ იყო საფუძველი. მიზეზები ძალიან კარგად ვიცი, უბრალოდ, არ მინდა ამ სამზარეულოს გარეთ გამოტანა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის შესახებ ,,იმედის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მათ პირობა კანონპროექტის შემუშავებასა და განხილვასთან დაკავშირებით პირნათლად შეასრულეს.

,,რაც შეეხება სასამართლოს, გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესი. დეკემბერში შემოვიდა სია, რომელიც წარადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. იყო კრიტიკა ამასთან დაკავშირებით, გარკვეული სუბიექტების მხრიდან. ესენი იყვნენ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ჩვენ მაშინვე გავყევით მოთხოვნას, რომელიც იყო დაყენებული საზოგადოების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან და ვთქვით, რომ შეჩერდებოდა ამ საკითხის განხილვა. ჯერ მომზადდებოდა კანონპროექტი, სადაც გაიწერებოდა პროცედურა და კრიტერიუმები და ამის შემდეგ მივიღებდით ახალ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან და ამის შემდეგ შეუდგებოდა პარლამენტი ამ სიის განხილვას. ეს იყო დაპირება, რომელიც ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, დაახლოებით, 4 თვე მოვანდომეთ შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებას, ჩართული იყვნენ სხვადასხვა სუბიექტები ამ პროცესში, მათ შორის, ვენეციის კომისია, მათ შორის, ჩვენ მივიღეთ ოდირის რეკომენდაცია ომბუდსმენის ძალისხმევით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სხვა სუბიექტები და საბოლოო ჯამში, ჩვენ, რეალურად, მივიღეთ ისეთი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე პროცედურით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ჯერ შერჩევას და შემდეგ უკვე არჩევას პარლამენტის მიერ. ეს არის მთავარი შედეგი. თუ თქვენ აიღებთ ამ პროცედურას და შეადარებთ ნებისმიერ ევროკავშირის ქვეყანას, არაერთხელ დავსვი მე ეს შეკითხვა და ამაზე პასუხი არ მიმიღია. შეგიძლიათ, აიღოთ ნებისმიერი ქვეყანა, ევროკავშირის წევრი და ნახავთ, რომ ათჯერ ამაზე ნაკლები პროცედურაც კი არ არის დადგენილი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ,,ქართული ოცნებიდან” დეპუტატების გასვლის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დეპუტატების გასვლის საბაბი იყო სასამართლო საკითხი, თუმცა არა საფუძველი.

,,რაც შეეხება დეპუტატების გასვლას, ამას ჰქონდა, რეალურად, სხვა მიზეზი. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ დეკემბერში ჩვენ 1 კვირის თავზე, კრიტიკიდან, უკვე გამოვაცხადეთ, რომ მომზადდებოდა კანონპროექტი, ამის შემდეგ შეჩერდებოდა სიის განხილვა, ამის შემდეგ მივიღებდით სიას და შემდეგ დაიწყებოდა ეს პროცესი. ამ ყველაფერს მოვანდომეთ ჩვენ, პრაქტიკულად, ერთი წელიწადი – დეკემბერში დაიწყო ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ყველაზე ადრე, ივლისში არის შესაძლებელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. ანუ, მთლიანობაში, რვა თვე მოვანდომეთ ჩვენ ამ ყველაფერს, მაშინ, როდესაც შეგვეძლო, ყურადღება არ მიგვექცია კრიტიკისთვის და 1 კვირაში აგვერჩია ათივე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში. აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა გავითვალისწინეთ. აქედან გამომდინარე, ცალსახად, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ დეპუტატებისთვის სასამართლოს საკითხი იყო გასვლის საბაბი და რეალურად, ეს არ იყო საფუძველი. რა იყო მიზეზები, ეს მე ძალიან კარგად ვიცი, უბრალოდ, არ მინდა ამ სამზარეულოს გარეთ გამოტანა. ნაწილობრივ ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიზეზებზე, თუმცა, სრულად არ გაგვიშლია ეს თემა. იყო გარკვეული მერკანტილური ინტერესები და ზუსტად ამ მერკანტილური ინტერესების შედეგი იყო რამდენიმე დეპუტატის გასვლა.

ამ თემის გამძაფრება და გაღრმავება ამ ეტაპზე არ ივარგებს, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ მინდა ამ ყველაფრის დეტალებში გაშლა. ნაწილობრივ ჩვენ გვქონდა უკვე საუბარი ამ მიზეზებზე, თუმცა, დამატებით ამის გაღრმავება არ მინდა. მთავარი არის, რეალურად, ის, რომ შედეგი უნდა დადგეს. შედეგი უკვე არის დამდგარი მართლმსაჯულების სფეროში იმ კუთხით, რომ არის ფუნდამენტურად გაუმჯობესებული მაჩვენებლები, სტატისტიკა, მათ შორის, რეიტინგები, რაც არის დაკავშირებული სასამართლოსთან, გახსოვთ, რომ იყო ზურაბ ადეიშვილის სრული კონტროლის ქვეშ სასამართლო სისტემა და ამის შედეგი იყო ის, რომ მთლიანად იყო ჩართული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკაში სასამართლო სისტემა, რეკეტში, ბიზნესმენების და სხვა ადამიანების რეკეტში იყო მთლიანად ჩართული ეს სისტემა და ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ, თუმცა, რჩება გამოწვევები და იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ გამოწვევებს, საჭიროა სწორად შერჩევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ამის გარანტია არის ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ახლა სრულდება უკვე მუშაობა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე და დარწმუნებული ვარ, რომ სრული კონსესუსით, ამ ფორმატში არის ჩართული სხვადასხვა მხარე, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, ხელისუფლების სამივე შტო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ მეოთხე ტალღის დასრულებას სრული თანხმობით ამ ფორმატში.

სამი კვირის თავზე დასრულდება საბუთების მიღება, ამის შემდეგ განხორციელდება უკვე ფორმალური კონტროლი შემოსული განაცხადების და ამის შემდეგ გამოქვეყნდება მთლიანი სია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შესაძლებლობა არსებობს კანდიდატების და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პროცესს. ერთერთი მთავარი მიღწევა იმ კანონის, რომელიც არის ჩვენს მიერ მიღებული, გახლავთ ის, რომ ყველა ეტაპზე საზოგადოებას აქვს დაკვირვების საშუალება, შეგვიძლია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორი კანდიდატები არიან, რომელი კანდიდატები არიან შემოსული და ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე. ჯერ მოხდება სიის გადარჩევა, შედგება ე.წ. გრძელი სია, სადაც, დაახლოებით, 45 კანდიდატი მოხვდება, ამის შემდეგ, მოხდება ამ სიის დაყვანა 18 კანდიდატამდე. ეს პროცედურა ჩაივლის მთლიანად საზოგადოების დაკვირვების ქვეშ და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველა ერთად, საზოგადოება, შევძლებთ უზენაეს სასამართლოში ისეთი კანდიდატების განწესებას, რომლებიც მთლიანად იქნებიან შესაბამისობაში კვალიფიკაციის, კომპეტენციის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებთან,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები