ლადო კახაძე: მთაწმინდაზე სამი ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

0

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.
მაჟორიტარი დეპუტატობის „ოცნების“ კანდიდატმა იმ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ილაპარაკა, რომლებიც მთაწმინდაზე უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„ჩემს მთაწმინდელებს სასიხარულო ამბავი მინდა გითხრათ, რომ მთაწმინდის რაიონში სამი ქუჩა დგება სრული რეაბილიტაციის გრაფიკში – ეს არის ასათიანის ქუჩა, სულხან-საბას ქუჩა და ეს არის ინგოროყვას ქუჩა, რომელიც აქ მოსახლე ადამიანების ქონებრივი პოტენციალის გაზრდას მოემსახურება და, რაც მთავარია, ტურისტულ არეალებს გაზრდის“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა სოციალური გამოწვევებია, რომელიც საერთო ძალისხმევით უნდა დაიძლიოს. კახაძემ,  მისი აზრით  პირველ ყოვლისა მოსაგვარებელი საკითხები დაასახელა.
„ეს არის ძველი ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაცია, ეს არის ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება. ზოგადად, ვიცით, რომ გაჭირვებაა, სოციალური გამოწვევებია; ვიცით, რომ არის დასაქმების პრობლემები, რომელიც ქვეყანასაც ისევე აწუხებს, როგორც ჩვენს მთაწმინდელებს და, პარლამენტში ჩემი მოხვედრის პირობებში  გააქტიურდება მუშაობა ამ კუთხით. ეკონომიური პროექტების აქტიური მხარდაჭერა თქვენთან ერთად, თქვენი მიერ დელეგირებული უფლებებით იქნება განხორციელებული ზუსტად იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი კონსტრუქციები, ახალი ურთიერთობები, რომელიც ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ჩვენთან გაერთიანების სურვილს გააათმაგებს“, – აღნიშნა კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი