ლევან კობიაშვილი ჩაწყობილ მატჩებზე: არ შერჩება არცერთ ადამიანს, ვინც თავს უფლებას აძლევს, რომ ამხელა ზიანი მიაყენოს ქართულ ფეხბურთს

0

“არ შერჩება არცერთ ადამიანს, ვინც თავს უფლებას აძლევს, რომ ამხელა ზიანი მიაყენოს არა მარტო თავის სახელს ან კლუბს, არამედ – ქართულ ფეხბურთს”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაცია, სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე, არ არის გამორიცხული, კლუბების მიმართაც. „არ შერჩება არცერთ ადამიანს, ვინც თავს უფლებას აძლევს, რომ ამხელა ზიანი მიაყენოს არა მარტო თავის სახელს ან კლუბს, არამედ – ქართულ ფეხბურთს. უამრავი ადამიანია არა მარტო ამ დარბაზში, არამედ ამ ქვეყანაში, რომელსაც უყვარს ქართული ფეხბურთი და რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს, რომ რაღაც პოზიტივი გააკეთოს. ეს ადამიანები, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელი ფეხბურთელები ბედავენ და ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. ყველაფერი წყალში იყრება მათი ამ ქმედებით, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ. ნამდვილად არ ვაპირებ იმ კომენტარის გაკეთებას, რომ „დაველოდებით გამოძიებას“. არ მაინტერესებს, ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიც. ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენი სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე, არ არის გამორიცხული, კლუბების მიმართაც“, – განაცხადა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულ 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალს ოფიციალურად უკვე წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი