„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლომ „VTB ბანკის“ ვიცეპრეზიდენტი და მაღალი მენეჯმენტის წევრები დაკითხა

0

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე ბანკის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ჭიბოშვილი, საოპერაციო სამმართველოს უფროსი ირინა ხელაია, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მენეჯერი ვერიკო ბოჭორიშვილი, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ანრი გოქსაძე და ამავე განყოფილების ყოფილი უფროსი, მამუკა ქავზინაძე დაკითხა. ბანკის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენელთა დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ბანკიდან უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს წინაშე მოწმის სახით გამოკითხული პირების შინაარსი კრიტიკას ვერ უძლებს.
„დგინდება ბანკიდან ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების რეალური მიზეზები და ახალი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, შემაშფოთებელია ტერმინოლოგია და სიძულვილის ენა, რომელიც ბანკის მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან გათავისუფლებული მუშაკის მიმართ გამოითქვა. ამ თვალსაზრისით, საოპერაციო სამმართველოს უფროსი ირინა ხელაიას ჩვენება მთლიანად დაეფუძნა შრომითი დიკსრიინაციის, მტრული გარემოს ჩამოყალიბებისა და სიძულვილის გამომხატველ ფრაზებს, რასაც რეაგირება ექნება“,- აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.
მისი თქმით, მოსარჩელემ მოითხოვა ბანკის მაღალი მენეჯმენტის წევრების მოწმის სახით დაკითხვა, რათა სასამართლო მისულიყო დასკვნამდე მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილი საქმეზე დასკვნითი სიტყვით წარსდგება.
„საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ ბანკიდან მენეჯერის გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი გახდა ბანკის კონკრეტული თანამშრომლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთგზის გამოხატული დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, რასაც საფუძვლად დაედო, მათ შორის მოსარჩელის სოციალური კუთვნილება. ბანკმა არ მოახდინა მენეჯერის არც ერთ წერილობით მიმართვაზე რეაგირება. მოკვლევის გარეშე დარჩა დისკრიმინაციის ფაქტები. ბანკში შექმნილმა არაჯანსაღმა ურთიერთობებმა მწვავე ასახვა ჰპოვა გათავისუფლებულის ჯანმრთელობაზე, რასაც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ცნობები. დასაქმებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება უწევდა თავად ბანკის შენობაშიც (აღნიშნულზე მიუთითებს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის 30 მარტის #0503/456 წერილი), თუმცა ბანკმა არც ერთი შემთხვევაში, ჯანსაღი შრომის პირობების შექმნისთვის სათანადო ზომები არ მიიღო, რითაც დაირღვა კანონი, შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1 მარტს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულ კონტრაქტად, ბანკმა მხარეს 2015 წლის 25 თებერვალს სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, რომ ბანკი შრომით ურთიერთობას მასთან 2015 წლის 1-ელი მარტიდან აღარ გააგრძელებდა. ფორმლურ მიზეზად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. იმ ფონზე, როცა ყველა დასაქმებულთან ხელშეკრულება გაგრძელდა, მოსარჩელე არ დაეთანხმა ბანკის იურიდიულ არგუმენტაციას და მოითხოვა წერილობითი ახსნა–განმარტება, შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა და საკითხში გარკვევა. ბანკმა 2015 წლის 1 მარტიდან მოსარჩელე სამუშაო სივრცეში აღარ დაუშვა. მან მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება და აღნიშნა, რომ დარღვეულ უფლებებს სასამართლო წესით დაიცავდა, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმიდან ეს ბრძანება, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ გასცა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება მხარემ მხოლოდ ადვოკატის დახმარებით, 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო. ბრძანება გათავისუფლების შესახებ დათარიღებულია 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, როცა ბანკმა მხარეს 24 თებერვალს შეატყობინა მოსალოდნელი გათავისუფლება 2015 წლის 1 მარტიდან, თუმცა არ შეატყობინა, რომ ბანკს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდა. ბანკს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა შინაგანაწესის თანახმად. ბანკმა პირი ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდგომ შეატყობინა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე“,- აცხადებს „ახალგაზრდა ადვოკატები“.
ცნობისთვის, საქმეზე მოთხოვნილია დისკირიმინაციის ფაქტის დადგენა, სადავო ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური, მორალური ზიანის ანაზღაურება და სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემა. სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. 2018 წლის 6 თებერვალს შედგა პირველი სხდომა. 2019 წელს საქმეზე შეიცვალა განმხილველი მოსამართლე და მას ამჟამად მაია გიგაური განიხილავს. სასამართლომ 2019 წლის 22 მარტის სხდომაზე, არ დააკმაყოფილა ბანკის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირველი სასარჩელო მოთხოვნის – შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე განუხილველად დატოვების თაობაზე და აღინიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა შეფასებულიყო დავის ყველა გარემოების კვლევის შედეგად. საქმეზე წარმომადგენლობას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ანა ფუტკარაძე ახორციელებენ. ბანკის ინტერესებს ყოფილი მოსამართლე, თამარ შუშიაშვილი იცავს.
სხდომა 10 ივნისს, 11:00 საათზე, #58 სხდომათა დარბაზში გაგრძელდება, სადაც მხარეები საპაექრო სიტყვას წარმოთქვამენ.
R

კომენტარები

კომენტარი