ქეთევან ციხელაშვილი: არ შევეგუებით იმას, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს

„არ შევეგუებით იმას, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს“, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, დღეს, 19 მაისს, სამი წელი გავიდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიგა ოთხოზორიას ცივსისხლიანი მკვლელობიდან, მაგრამ დამნაშავე ჯერ კიდევ დაუსჯელია.
„გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება გიგა ოთხოზორიას სახელი და მისი თავდადება. პატივი იყო მისი ოჯახისათვის სამოქალაქო თავდადებისათვის მედლის გადაცემა, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, 2019 წლის იანვარში, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, და პირველ რიგში, მისმა ქეთიმ და აკაკიმ, ქალბატონმა ჯულიეტამ და მისმა მეუღლემ, ნინომ, რომ გიგა გმირია მთელი საქართველოსათვის.
არ შევეგუებით იმას, რომ მისი მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს. რა დროც და რა ძალისხმევაც უნდა დასჭირდეს ამას, ეს საკითხი იქნება აქტუალური, სანამ სამართალი არ აღსრულდება. პასუხისმგებლობა კი საოკუპაციო ძალას ეკისრება. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა წინა წლის ზაფხულში რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამო, რომელთა შორის ყველაზე შემზარავი და ტრაგიკული სიცოცხლის უფლების ხელყოფაა“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრი ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს ზუგდიდში არჩევნები იმართება, სადაც გიგა ოთხოზორია ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პროვოკაცია და ძალადობა დაუშვებელია.
„მთავარია, პოლიტიკური პროცესი დემოკრატიულ ჩარჩოებში იყოს და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანას უმთავრესი სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს გასატარებელი – ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი გამთლიანების პროცესი, რაც სწორედ ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, სადაც ეს გამოწვევები ფიზიკურად ასე ახლოსაა“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები