„ახლა პოლიციისთვის მთავარი ამოცანაა ადგილზე არსებული სიტუაციის განმუხტვა – ამ ფაქტს შევისწავლით და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“

შინაგან საქმეთა სამინისტროში, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა. ნათია მეზვრიშვილმა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. მათ შორის, კითხვა ეხებოდა დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავითვალისწინოთ – ახლა პოლიციისთვის მთავარი ამოცანაა ადგილზე არსებული სიტუაციის განმუხტვა, იმიტომ, რომ ხედავთ, მათ შორის ზუგდიდში,  ადგილი აქვს დაპირისპირებებს, ადგილი აქვს ზოგიერთ შემთხვევაში პროვოკაციებს, სიტუაციის ესკალაციას. ამიტომ, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ადგილზე დაძაბულობის და დაპირისპირებების პრევენცია, სამართალდარღვევების პრევენცია და შესაძლო დანაშაულის აღკვეთა, თუ ასეთს ადგილი ექნება. ამისთვის არის ახლა რეალურად პოლიცია მოწოდებული და ეს კითხვის ნიშნები, რომლებიც პოლიციის გადაადგილებასთან დაკავშირებით იყო, მე ვფიქრობ, რომ თუ აქამდე კიდევ ვინმეს ეს კითხვები ჰქონდა,  უკვე სრულად მოიხსნა, რადგან არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიციის ის ძალები, რომელიც ადგილზე არიან, რეალურად საჭირო იყო.

რაც შეეხება ამ ფორმალურ მხარეს, რაც დაკავშირებულია გამოძიების დაწყებასთან, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან, როგორც კი ამ პირველად საჭიროებას მოვაგვარებთ, დაპირისპირებას განვმუხტავთ, ბუნებრივია, ამ ფორმალურ მხარეს მივხედავთ, მათ შორის ამ ფაქტის შესწავლაც განხორციელდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ტიპის ქმედებებსაც. პოლიცია მოწოდებულია, რომ ამ ტიპის ქმედებებზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ფაქტს შევისწავლით და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები