თამარ ჩუგოშვილი: მოვუწოდებთ ჩვენს აქტივსაც, იმუშაონ მშვიდად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას კანონიერი მეთოდებით უპასუხონ

„მოვუწოდებთ ჩვენს აქტივსაც, იმუშაონ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას კანონიერი მეთოდებით უპასუხონ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
​მან შუალედური არჩევნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი თითოეულ უბანში მშვიდად უნდა წარიმართოს.
„ცალკეულ ადგილებზე შეინიშნება დაძაბულობის ნიშნები, ძირითადად, საარჩევნო უბნების გარეთ, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერ უკანონო ქმედებას მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
მინდა, მოგმართოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, თითოეულ თქვენგანს მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ. უმნიშვნელოვანესია, დღეს ყველა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რადგან არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და რესურსი იმისა, რომ ეს არჩევნები პირველსავე ტურში დამთავრდეს. ვფიქრობთ, სწორედ ეს უნდა იყოს პასუხი იმ დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ოპონენტებისგან ბოლო დღეების განმავლობაში. მივმართავთ „ქართული ოცნების“ აქტივსაც: მოგიწოდებთ, იმუშაოთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას კანონიერი მეთოდებით უპასუხოთ. ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და არავის მისცეთ საშუალება, დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში.
კიდევ ერთხელ მივმართავ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს : თქვენი როლი და მონაწილეობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო დღეების განმავლობაში, ვაკვირდებოდით ვითარების დაძაბვის მცდელობის შემთხვევებს, განსაკუთრებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. ამის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ვატყობინებდით მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომელსაც ჰქონდა ადგილი ან შეიძლებოდა, ადგილი ჰქონოდა კენჭისყრის დღეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ზუგდიდის საარჩევნო ოლქზე გაამახვილონ ყურადღება. დარწმუნებული ვართ, მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და დღის ბოლოს, ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები