“მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას, ჩამოვიდეს” – ზუგდიდის საოლქო კომისიაში ოპოზიცია მოთხოვნებით მივიდა
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიცია მოთხოვნებით მივიდა და კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ. ოპოზიციის ლიდერებმა, ხატია დეკანოიძემ და თინათინ ბოკუჩავამ მარინა მესხს 3 მოთხოვნა წაუყენეს.
ხატია დეკანოიძის თქმით, დარღვევებისა და ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, ზუგდიდის საოლქო კომისიამ არ ჩაატარა სხდომა და უფლებამოსილება არ შეუჩერა #81 საარჩევნო უბნის მდივანს. მისივე თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადასატან ყუთთან დაკავშირებით, განცხადებები აღნიშნული უბნის კომისიის მდივნის მიერ იყო დაწერილი და მათ ყველას იდენტური ხელმოწერა ახლდა, რაც კანონდარღვევად ითვლება. ამასთანავე, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უბნებზე არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, ოპოზიციის დამკვირვებლებს არ აძლევენ მაგიდების დადგმის საშუალებას. დეკანოიძის თქმით, არსებობს ინფორმაციაც, რომ ხვალ ოპოზიციის დამკვირვებლებს უბნებიდან გამოძევებასაც აპირებენ.
ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჯვანიას ადგილზე ჩასვლისა და ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდეს.