გორდულაძე – პრეზიდენტზე: სრულიად აცდენილია საქართველოში მიმდინარე რეალობას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, კონსტიტუციას
“ის არაერთხელ დამარცხდა კონსტიტუციასთან ბრძოლაში და ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ ანალოგიური შედეგი დადგება და აუცილებლად დამარცხდება,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილს კომიკური დამოკიდებულება და ნეგატიური შედეგები აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.
“საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალბატონი რა განცხადებას გააკეთებს. სრულიად აცდენილია საქართველოში მიმდინარე რეალობას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, კონსტიტუციას, ჩვენი ქართველი ხალხის ნებას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თავისი განსხვავებული აქცენტით, რა განცხადებას გააკეთებს და შეძლებს თუ არა ქართველ ხალხს გააგებინოს რამე, ეს ნაკლებად საინტერესოა, მისი სადარდებელია”, – აღნიშნა გორდულაძემ.