გიორგი ვოლსკი – ოპოზიციის წერილზე: ის სავსეა სიცრუით
“წერილს წერენ ადამიანები, რომელთაც სამშობლო არ გააჩნიათ. ეს წერილი სავსეა სიცრუით, რომ არჩევნებზე 120 ათასი დარღვევა მოხდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
„წერილს წერენ ადამიანები, რომელთაც სამშობლო არ გააჩნიათ. ეს წერილი სავსეა სიცრუით, რომ არჩევნებზე 120 ათასი დარღვევა მოხდა, რომ 200 თუ 300 ათასი ხმა გაყალბდა და ამიტომ საქართველოს უნდა დაუწესდეს სანქციები და მის მიმართ ზომები უნდა გატარდეს, სანამ ეს ხელისუფლება არ დაინგრევა, არ ჩამოიშლება და არ მოვა ის ადამიანი, იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც ადრე ქვეყნის მმართველობით თავი გამოიჩინეს და სისხლიანი ხელებით არიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგები ცნობილი არ გახდება.