განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ყოფილი თანამშრომელი უჩივის

   განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი ნინო წვერავა უწყებას საქალაქო სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მხარე უწყებაში ჩატარებული კონკურსის შედეგის გაუქმებას და სამსახურში აღდგენას ითხოვს. სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა“ ადვოკატი იცავდა. უწყების წამომადგენელი კი იურისტი სალომე წურწუმია ესწრებოდა.
როგორც „კვირას“ ნინო წვერავამ განუცხადა, ის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს საქმის წარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობას 2012 წლის 15 აგვისტოდან ასრულებდა. ამავე დეპარტამენტში 5 თანამშრომელი მუშაობდა.
უწყების ხელმძღვანელმა ელენე ჯიბლაძემ, 2013 წლის შემოდგომაზე, საქმის წარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ნინო წვერავას ინფორმაციით, დეპარტამენტში მყოფი ხუთი თანამშრომლიდან კონკურსში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ორმა გამოთქვა. მისი თქმით, კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. კონკურსის შედეგების მიხედვით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა სააგენტომ ნინო წვერავა სამსახურიდან გაათავისუფლა.
„კონკურსის შედეგების მიხედვით, მითხრეს, რომ ქულათა მაქსიმუმი ვერ დავაგროვე. მოვითხოვე კონკურსის შედეგები, ანუ შემაჯამებელი ოქმი. თუმცა ოქმის ნაცვლად მხოლოდ საბოლოო შედეგის დოკუმენტი გადმომცეს. სხვა კონკურსანტების შედეგები რომ მოვითხოვე, არ მომცეს, არადა, პრეზიდენტის N 46 ბრძანებულების მიხედვით, უფლება მქონდა მიმეღო. 30 – დან 29 ქულა ავიღე. ჩემს ადგილას კი სვეტლანა ჯავახაძე დანიშნეს.
როდესაც ჩემი ნამუშევარი მოვითხოვე, არც კი მაჩვენეს, მითხრეს, რომ 29 ქულა ავიღე. სწორედ ამიტომ სასამართლოს მივმართე, პროცესზე ჩემს ინტერესებს ახალგაზრდა იურისტები იცავენ. ვფიქრობ, სამართალი გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ყოფილმა თანამშრომელმა.
„კვირა“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს მაკა ბერაიას დაუკავშირდა. როგორც მაკა ბერაიამ აღნიშნა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე შესაგებელი სარჩელი წარადგინა. მისი თქმით, სხდომა მოსამზადებელი იყო და სასამართლოს საქმეზე არსებითად არ უმსჯელია.
„ნინო წვერავა ცენტრში დანიშნული იყო საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. კანონმდებლობამ ცენტრი დაავალდებულა იმ პოზიციებზე კონკურსის გამოცხადება, რომლებზეც დანიშნულნი იყვნენ მოვალეობის შემსრულებლები. ცენტრმა საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა კანონით დადგენილი წესით. კონკურსი ჩატარდა კანონიერად. ხოლო ნინო წვერავამ ვერ გადალახა კონკურსის მესამე ეტაპი და არ იქნა არჩეული ვაკანტურ თანამდებობაზე“, – განუცხადა „კვირას“ მაკა ბერაიამ.
თუმცა, მაკა ბერაიამ „კვირას“ არ გაუმხილა კონკურსის შედეგები, კონკრეტულად ქულათა რა რაოდენობა დააგროვა სვეტლანა ჯავახაძე.

10370668_757627160926446_737811813_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები