რულოვსი: ზუგდიდში 4-5 ათასი ადამიანი ნამდვილად ჩამოდის (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა არჩევნებამდე 2 დღით ადრე განაცხადა, რომ მის მხარდასაჭერად ზუგდიდში 4-5 ათასი ადამიანი ნამდვილად ჩადის. მერობის კანდიდატმა სოფელ ჭკადუაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბევრი მათგანი სამეგრელოში თავისი ხარჯით გაემგზავრა, თუმცა არიან ისინიც, ვისაც პარტია აფინანსებს.

“ზოგი თვითონ ჩამოდის, ზოგი – პარტიის მეშვეობით, ზოგი არასამთავრობოა და თავისი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყველა არის რეგისტრირებული ხალხი, ყველას აქვე “ბეიჯი”, ყველას სახელი და გვარი არის ცნობილი…ზოგი პარტიებიდან არის დამკვირვებელი…ჩვენ 12 პარტია ვართ. არ დაგავიწყდეთ, ყველა პარტიიდან მოდიან ჩვენი მხარდამჭერები. ეს ყველა, დაახლოებით, 4-5 ათასი ადამიანი ნამდვილად არის”, – აცხადებს რულოვსი.

მერობის კანდიდატი “ოცნების” განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ზუგდიდში დესტაბილიზაციას გეგმავს. რულოვსი აცხადებს, რომ მათ ამის საჭიროება არ აქვთ.

“ტემპერატურა ისედაც ცხელია, აღარ სჭირდება ამას გაცხელება… აი, 35 გრადუსია დღეს. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტემპერატურის მეტი გაცხელება, ჩვენ ძალიან თავდაჯერებულები ვართ გამარჯვებასა და ჩვენს ინტერესში, ძალიან ლოგიკურია, არ შედის პროვოკაციების, დესტაბილიზაციის, არეულობის მოწყობა. ჩვენ ეს არჩევნები გვაქვს მოგებული”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები