“2007 წელს “მეტადონი“ ჩაუდეს” – პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი პოლიტპატიმარი გამართლდა

0

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ ორი პოლიტპატიმრის – მერაბ რატიშვილისა და ჯონი ბაბილოძის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებებისა და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბიზნესმენი მერაბ რატიშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ მოძრაობას აფინანსებდა და ხელისუფლების მოქმედებებს აქტიურად აპროტესტებდა. სწორედ მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, დასჯისა და პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების მიზნით, იგი 2007 წლის 26 ოქტომბერს, „სოდ“ – ის თანამშრომლებმა თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე დააკავეს, რა დროსაც ავტომანქანასა და საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება – ,,მეტადონი“ ჩაუდეს. გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, მერაბ რატიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით) და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. მან საპატიმრო დაწესებულება 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ დატოვა.
“ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, გამოიკვეთა სოდ-ის თანამშრომლების არალეგიტიმური დაინტერესება მერაბ რატიშვილის მიმართ, რამაც განაპირობა მის საქმეში მტკიცებულებების ხელოვნურად მოპოვება და შემდგომში უკანონო მსჯავრდება.რაც შეეხება კიდევ ერთ პოლიტპატიმარ ჯონი ბაბილოძეს, რომელიც იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფის უფროსის თანამდებობას – 2008 წელს ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ჯონი ბაბილოძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წელს გაასამართლა. მას მსჯავრი დაედო, თითქოს მან, როგორც რეგიონული საბაჟო „დასავლეთის“ უფროსმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მასთან დაახლოებული სამეწარმეო სუბიექტების სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია, მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი, მათ შორის – საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჯონი ბაბილოძეს მიერ თითოეულ შემთხვევაში კანონშესაბამისი გადაწყვეტილება იყო მიღებული და მისი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ჯონი ბაბილოძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივებით, რამდენადაც იგი მოიაზრებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გუნდის წევრად და მისი დაკავება უკავშირდებოდა სწორედ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის მხრიდან ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას.
ორივე პოლიტპატიმრის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და ორივე მსჯავრდებული უდანაშაულოდ ცნო.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 67 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, მათგან 17 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 59 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი