ვახტანგ ბერიძე: გვაქვს დაგეგმილი უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ხულოს განვითარებას
ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე შუალედურ არჩევნებამდე ორი დღით ადრე კვლავ აქტიურად განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად ის დაბა ხულოს, თამარ მეფისა და რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე კომერციულ ობიექტებზე დასაქმებულებს შეხვდა. ადგილობრივებმა მას ის პრობლემები გააცნეს, რაც მათ აწუხებთ. თავის მხრივ, ვახტანგ ბერიძე შეკრებილ მოსახლეობას დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში, თავისი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
“მინდა დავიწყო იმ პრობლემით, რაც ძალიან გაწუხებთ. ეს არის დაბა ხულოს მოსახლეობისთვის სასმელი წყალი. ეს აუცილებლად უნდა მოგვარდეს. აქამდეც ძალიან ბევრჯერ მიფიქრია მოგვარების გზებზე, ახლა უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას. მინდა გითხრათ შიდა სასოფლო გზებზეც, რომელიც უკვე დაწყებულია, თუმცა ეს პროექტი გაგრძელდება და ყველგან იქნება გზა მოწესრიგებული. ჩვენ გვაქვს დაბა ხულოს განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, ბარაკების აწევას, საცხოვრებელი კორპუსების ფასადის კეთილმოწყობას, კომერციული ობიექტების განთავსებას დახურულ სივრცეში და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ხულოს განვითარებას და მუნიციპალიტეტში მეტ ტურისტს მოიზიდავს. ასევე, დაწყებული გვაქვს მწვანე ტბის განაშენიანების გეგმა. ტენდერით გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოები, რომლის განაშენიანების შემდეგ იქნება თითოეული ხულოელის სავიზიტო ბარათი ტურისტებისთვის საჩვენებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, როგორც არჩევნებზე, მას შემდეგაც და ერთად დავგეგმოთ ყველა ის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ხულოს განვითარებას“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.