პროკურორი არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ბრალდების საქმეზე – „სასამართლოს განაჩენი კანონიერია“

„სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერია“ – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ
განაცხადა.
ამასთან, ბესიკ ქვარცხავა განმარტავს, რომ სასაამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრუწლოვანი ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
„დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა არასრულწლოვან დ.ღ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. დღევანდელ სხდომაზე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა წარმოთქვა საბოლოო სიტყვა და ამის შემდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა, რა დროსაც, არასრულწლოვანი ბრალებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას, როგორც გამოძიებისათვის, ასევე სასამართლოსთვის. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრუწლოვანი ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. რაც შეეხება სასჯელის დანიშვნის საკითხს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, არაუგვიანეს 7 დღისა, ინიშნება სასჯელის დანიშვნის სხდომა. შესაბამისად, სასამართლომ გამამატყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასჯელის დანიშვნის სხდომა 22 მაისს დანიშნა. ამ სხდომაზე მოხდება მხარეთა მიერ შესაბამისი პოზიციის წარდგენა. შემდეგ სასამართლო გამოიყენებს კონკრეტული სასჯელის სახეს და ზომას“, – განაცხადა ქვარცხავამ.
აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნი დ.ღ. სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სასჯელის დანიშვნის სხდომად 22 მაისი, 17:00 საათი განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები