ლეილა შელიას ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება

16 მაისს, 19:00 საათზე,ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ლეილა შელიას ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული აბსტრაქტული ტილოების ნახვა დამთვალიერებელს 16 მაისიდან 26 მაისამდე შეეძლება. 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოფენის ნახვა 10:00 – 23:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
ლეილა შელია 1953 წელს სოხუმში დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
შელია ქართველ მხატვართა შორის ერთ-ერთი პირველი აბსტრაქციონისტი ქალია. აბსტრაქტული ხელოვნების სხვადასხვა ვერსიებიდან მისი შემოქმედება ყველაზე მეტად 1950-60-იან წლებში ჩამოყალიბებული ინფორმალიზმის აბსტრაქციონისტების ნამუშევრებს უახლოვდება.
აბსტრაქტული კომპოზიციების მიღმა, მხატვარი შინაგან განწყობას, ირეალურ, არამატერიალურ სამყაროს გადმოსცემს. მის ტილოებში გამომსახველობით მთავარ ხერხს ფერი წარმოადგენს, რომელიც ნათელი და მსუბუქია. ხშირად, მხატვარი თამამ, კონტრასტულ ფერთა შეხამებას მიმართავს.
,,აბსტრაქტული სტილი ჩემთვის დღემდე კომფორტული ზონაა. რეალისტურ სცენებს ამჟამადაც გავურბივარ, მეტ-ნაკლებად, პოლიტიკურად სტაბილურ გარემოში. ჩემთვის რეალობიდან დასახატი კვლავ არაფერია; საკუთარი რეალობა და მითოლოგია მაქვს” – ლეილა შელია.
1988 წელს შელია იმ ქართველ მხატვართა ჯგუფში იყო, რომლებიც ესპანეთში, ქართული ხელოვნების დღეებზე საქართველოს წარადგენდნენ. 1990-იანი წლებიდან მისი ფერწერული ტილოები იფინება საბერძნეთის, შვეიცარიის, ბელგიის, რუსეთის, საფრანგეთის, ესპანეთის გალერეებსა და მუზეუმებში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ჯონსონ სებასტიანის კერძო კოლექციაში (დიდი ბრიტანეთი), ალექსანდრე გლეზერის კოლექციაში (საფრანგეთი), ლეოპოლდ ბაუსბეკის კოლექციაში (ავსტრია), პიერო გარტონის კერძო კოლექციაში (შვედეთი), ნიკოლას მაინ ტელსაგენის კერძო კოლექციაში (დიდი ბრიტანეთი) და სხვა.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. 7.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები