ლადო კახაძე: შეხვედრებზე ამომრჩევლებისგან ნდობას ვგრძნობ, წარმატების დიდი შანსი არსებობს

“მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ჩემდამი მათ ნდობას ვგრძნობ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კახაძემ საარჩევნო გარემო შეაფასა.
„საარჩევნო კამპანიას, გარემოს ნაყოფიერად ვაფასებ იმიტომ, რომ ყოველი ახალი არჩევნები, ეს რიგგარეშე იქნება თუ ვადის არჩევნები, ყველა დონის არჩევნები ახალია, ახალი გამოწვევების, ახალ ვითარებაში ტარდება და სრულყოფისთვისაა მოწოდებული იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა, რადგან განვითარების დამოუკიდებელი გზა აირჩია, აუცილებლად იმ სამყაროში ამოყოფს თავს, სადაც ჩვენზე მეტი გამოცდილები არიან არჩევნების კუთხით, ჩვენზე წარმატებულებიც არიან თვითმართველობიდან დაწყებული ქვეყნის სტრატეგიული განვითარების თეზებით დამთავრებული და ჩვენც ამ ვექტორში ვართ. ადამიანებთან ურთიერთობა ახალი არ არის ჩემთვის, მაგრამ ამ ველზე უკვე იმის გახსენება დამჭირდა, რაც უკვე 20 წლის წინ იყო ჩემს ცხოვრებაში. შენ რომ გგონია, შენ იცი ყველაფერი, ასე არ არის, მოსახლეებმა გაცილებით მეტი იციან. საწუხარის გამოხატვის ფორმაც კარგად არის შეზავებული – არა მარტო ჩივიან, არამედ გზასაც გთავაზობენ. შევეხე რთულ თემას: მთაწმინდის რაიონში ამორტიზებული სახლებია, წლებში გაწელილია ეს საკითხი, დიდი პრობლემებია. ეს ისტორიული კუთვნილების სახლებია, გამოვიდნენ ადამიანები და დამილაგეს თითოეული სახლის შესახებ ინფორმაცია, იციან აქედან გამოსავალი გზაც. ეს ყველაფერი დროშია გაწელილი და მოითხოვს არა მარტო პოლიტიკურ ნებას, არამედ – ამ პოლიტიკური ნების ნორმატიულ აქტად გადაქცევას. ანუ აქტის ჩამოყალიბებას, რომელიც სახელმძღვანელო და ყველასთვის მისაღები იქნება, ასევე იქნება ერთი კუთხით დანახული -მოსახლის უსაფრთხოებიდან გამოსული. მოსახლე უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს თავის საცხოვრისში, ამის შემდეგ მოდის ის კომფორტი, რომელიც უნდა შეექმნას ყველა ადამიანს და ის ფასეულობითი ნაწილი, რომელიც ამ კომფორტს მოჰყვება თავისი ქონების ჯერადად, თავისი ღირებულების გაზრდის გზაზე. ამას სჭირდება თანხები, მეცნიერული გადაწყვეტა, ურბანისტული ყველა წესის დაცვა  – ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს განსაკუთრებით ძველ თბილისში, რომელიც კოეფიცინეტებისა და სხვა ფორმულების მეოხებით ქალაქის ურბანული ქსოვილის დაზიანებას აგვაცილებს. ეს ყველაფერი იცის მოსახლემ, ახალს არაფერს ვეუბნები“, – განაცხადა კახაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა მეორე ტური, მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხობს, რომ „არაფრის გამორიცხვა შეიძლება“.
„საერთოდ, პროგნოზი უმადურობაა. ჩემი შეხვედრებიდან ახალგაზრდებისაგან, შუა წლის ადამიანებისგან, ხანდაზმულებისაგან ვგრძნობ მათი ჩემდამი ნდობის საკითხს. როცა ერთმანეთს ვხვდებით, არ მახსოვს, რომ რომელიმე მათგანს ვინმე გაეკილოს ჩემს მოსაწონად, ან მე გამებედოს. რაც არ გამიკეთებია მთელი ცხოვრება, იმას ვერ გავაკეთებ პოლიტიკისა და პოლიტიკური დაკვეთის გამო და არც ამას ვაკადრებ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ველზე კონკურენტებს, მეტოქეებს. იმ აქტიურობით, რასაც ვხედავ ჩემს მოსახლესთან, წარმატების დიდი შანსი არსებობს.
ველზე, სადაც ვართ, არავითარი შეზღუდვა არსებობს. სრული თავისუფალი, ღია სივრცეა, სადაც ყველა ადამიანი თავის ნაფიქრს, თავის წინადადებას, ძალიან კარგ ფორმებში სთავაზობს მოსახლეს“, – განაცხადა კახაძემ.
კახაძემ საკუთარი გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებაც ისაუბრა.
„მე იქ დავალების შესასრულებლად მივდივარ, დავალება მოსახლეობისაგანაა მიღებული. კონკრეტულად რაც მაჟორიტარს ეხება, იქ არის აქცენტი გაკეთებული ამორტიზებულ და ავარიული სახლების მდგომარეობაზე, ეს არის ისტორიული კუთვნილებისა და ისტორიული კუთვნილებაზე კითხვის ნიშნით გაჩენილი საკითხები, როგორაა მინიჭებული, ეს იქნება აუცილებლად დასალაგებელი ნორმატიული აქტისათვის. აქ ზურგს მიმაგრებს მოსახლე და ის გუნდი, რომელშიც ვარ ასოცირებული, სადაც მე ვიმყოფები. ეს ადამიანები მზაობას გამოთქვამენ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ამ საკითხის ნორმალიზებისათვის. ვერცერთ მოსახლეს იმაში ვერ დავარწმუნებდი, რომ ექიმი კაცი ასოცირებული არ ვიქნებოდი რომელიმე კომიტეტში და ჩემთვის, ალბათ, ჯანდაცვის კომიტეტი იქნება, სადაც მათ ენერგიას ჩემს გამოცდილებას შევმატებ. აქაც ჩემი წინადადებები მაქვს, ესეც გახედნილი იმ გუნდში სადაც მე ვიმყოფები, აწონილი, დაწონილი ფინანსური უზრუნველყოფით, რისკებით. ეს ეხება ძალიან საჭირბოროტო საკითხს – ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის გაზრდა, ანუ ლიმიტირებულ საზღვრებში მისი დაფინანსების სრულად მოცულობაში ანაზღაურება. რაც შეეხება მაჟორიტარის საქმიანობას – ჩემი კარი არასდროს დაკეტილა, როგორც ექიმის, ახლაც კარი არ დაიკეტება. იცის მოსახლემ, რომ გაჭირვების დროს თავისუფლად შეეძლება, კარი შემოაღოს, შემოვიდეს ყოველგვარი წინასწარი ჩაწერის გარეშე“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
შეგახსენებთ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები