მამუკა ბახტაძე: საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, მას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი

“საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, მას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ამ პროგრამამ მის მონაწილე ექვსივე ქვეყანას ახალი შესაძლებლობი გაუჩინა.
“თუმცა, დღეს სწორედ საქართველო მიიჩნევა ყველაზე წარმატებულ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, როგორებიცაა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღეს ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმების გატარება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და მზად არის, მიიღოს უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან. ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა ევროპელ კოლეგებთან. ჩვენ ვემზადებით, ივლისში ვუმასპინძლოთ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ბათუმში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდება. საქართველო მზად არის ყველა მიმართულებით უფრო მეტი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ამას ძალიან პოზიტიურად აღიქვამენ”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში.
“სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვესაუბროთ, რომ საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, მას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ დადებით უკუკავშირს ამ საკითხზე. ამასთან ერთად, ჩვენ წარვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი – “გზამკვლევი ევროკავშირისკენ” და სწორედ ამ ფუნდამენტური დოკუმენტის გარშემო უნდა ავაშენოთ, ჩვენს მეგობრებთან ერთად, ევროკავშირში დამატებითი ინტეგრაციის შესაძლებლობები. მთავარია, რომ განწყობა არის ძალიან დადებითი და ყველა აღნიშნავს, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები