“ხელს შევუწყობთ გახარიას იდეის რეალიზაციას, რომ უსაფრთხოების საბჭოსთან შეიქმნას აპოლიტიკური აპარატი, რომელიც მოემსახურება ნებისმიერ მთავრობას”

„ხელს შევუწყობთ გიორგი გახარიას იდეის რეალიზაციას, რომ უსაფრთხოების საბჭოსთან შეიქმნას აპოლიტიკური აპარატი, რომელიც მოემსახურება ნებისმიერ მთავრობას“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძემ ექსპერტებთან შს მინისტრის, გიორგი გახარიას სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
არჩილ გეგეშიძემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„დღეს ჩვენ გიორგი გახარია შეგვხვდა, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და არა როგორც – შინაგან საქმეთა მინისტრი. მან წარმოგვიდგინა თავისი ხედვა, თუ როგორ იქნებოდა სწორი საქართველოსთვის, გამომდინარე ყველა იმ სპეციფიკიდან, რომელიც ქვეყნას აქვს – როგორც მდებარეობით, თავისი სამეზობლოთი, თავისი შიდა თუ საგარეო კონტექსტი; ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორ იქნებოდა უფრო სწორი, აეწყოს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც დაეფუძნება ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ იქნება მხოლოდ ვარაუდზე დამყარებული, არამედ იქნება ანალიტიკურ მსჯელობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და, შესაბამისად, უფრო ეფექტიანი და უფრო ზუსტად რომ პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას – აი, ასეთი გადაწყვეტილებების სისტემის მიღება უნდა უსაფრთხოების კუთხით. მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ უსაფრთხოების საბჭოსთან შეიქმნას აპარატი, რომელიც იქნება აბსოლუტურად აპოლიტიკური და მას სურს, რომ ქვეყანაში დაგროვდეს ერთგვარი ინსტიტუციონალური მეხსიერება უსაფრთხოების ყველა ასპექტთან დაკავშირებით – საგარეო იქნება, პოლიტიკური, ეკონომიკური იქნება თუ გარემოს დაცვითი და ა.შ. გიორგი გახარიას აქვს სურვილი, რომ ეს ინსტიტუტი იქნება აპოლიტიკური, გრძელვადიან პერსპექტივაში მოემსახურება ნებისმიერ მთავრობას, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა გადადის საპარლამენტო მმართველობაზე, რომლის შედეგადაც, ალბათ, სამთავრობო ცვლილებები იქნება უფრო ხშირი და ამან არ უნდა იმოქმედოს იმ ინსტიტუციურ მეხსიერების დაგროვების პროცესზე, რომელიც გამოხატა გიორგი გახარიამ. სწორედ, ამ საწყისი პოზიციიდან გამომდინარე მან გაგვიზიარა თავისი სურვილი, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან. ჩვენც დიდი ინტერესით შევხვდით ამ წინადადებას. ჩვენი მხრივ შევეცდებით, რომ, შეძლებისდაგვარად, ამ სწორი იდეის რეალიზაციას ხელი შევუწყოთ. თუ რა გამოვა, ამას დრო გვიჩვენებს. პირადად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები