მიხეილ ხიდურელი: არსებულ და ახალ ბენეფიციარებს ფინანსურად და ტრენინგებით დავეხმარებით
სააგენტო “აწარმოე საქართველოშის” დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში სააგენტო როგორც ძველ ისე ახალ ბენეფიციარებს ფინანსურად და ტრენინგების კუთხით დაეხმარება – ამის შესახებ მან ზესტაფონში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვქონდა ზესტაფონში შევხვედრილიყავით ადგილობრივ მეწარმეებს, რომელთაც გავაცანით ჩვენი სააგენტოს პროგრამა და მიღწეული შედეგები. კონკრეტულად ზესტაფონში ორი ინდუსტრიული საწარმო გვაქვს გახსნილი, ერთი არის კაბელების წარმოება, ხოლო მეორე- გოფრირებული მილების წარმოება. ჯამში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამას ემატება ჩვენი მიკროგრანტების კომპონენტი, სადაც 50-ზე მეტი პროგრამის მიხედვით დაფინანსებული მეწარმე გვყვავს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ბიზნესს აწარმოებენ. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა იქნება განგრძობითი და ჩვენს არსებულ, ასევე ახალ ბენეფიციარებს დავეხმარებით, როგორც ფინანსურად, ასევე ტრენინგების კუთხით. ჩვენ კიდევ ბევრი ვიზიტი გვექნება იმერეთში და კონკრეტულად ზესტაფონში, ჩამოვალთ და ვისაუბრებთ იმ ახალი გრანტების პოგრამის შესახებ, რომელსაც წელს ჩავუშვებთ”,- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
შეგახსენებთ, დღეს ზესტაფონში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძე, დეპუტატ კობა ლურსმანაშვილსა და მერობის კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, ბიზნესექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შეხვდნენ.