პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა.
მისი თქმით, არჩევნებზე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გარანტირებული მთავარი უფლებები – ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა.
„მოვისმინეთ არჩევნების შემაჯამებელი ოქმები, მაგრამ ახლა მინდა, წარმოგიდგინოთ არჩევნების შედეგების ჩემივე შეჯამება, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და როგორც დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რაზეც, ალბათ, ცესკოს ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია.
ჩემი შემაჯამებელი შეფასება ამ შედეგების არის შემდეგი – პირველ რიგში, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ყველა სამართლის პრინციპებითა და სტანდარტებით, რაც არა ერთ კონვენციაში არის ასახული, გარანტირებული მთავარი უფლებები. ერთი არის ხმის მიცემის ფარულობა და მეორე – ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების ხმის მიცემის უფლებები იქნა უგულებელყოფილი. ამასთან ერთად, ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდნენ წინასაარჩევნო, არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება – საარჩევნო საჩივრები დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს მიერ იყოს განხილული.
ამავე დროს, არჩევნებს არ აღიარებს თავად პრეზიდენტი, არც ერთი ოპოზიციური პარტია და, მაშასადამე, არც ერთი არ ცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ აღიარებს ამ არჩევნებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და აგრძელებს თავის სამართლიან პროტესტს.
არ აღიარებს ამ არჩევნებს სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ ამ არჩევნებს სამართლიანი და თავისუფალი უწოდონ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა უკვე მესამე კვირა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები და ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განიხილავენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.