„დღეს ვრჩებით იქ, სადაც ვართ“ – ნიკა მელიას მიმართვა ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილებს

დღეს ვრჩებით იქ, სადაც უკვე ვართ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

მისივე თქმით, ასევე მიღებული იქნება კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები.

„ჩვენ უწყვეტ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება. მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს პროტესტით. ბევრი ასეთი კერა უნდა გაჩნდეს და აქ თითოეულ ჩვენგანზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. დღეს ვრჩებით იქ, სადაც უკვე ვართ. კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება ასევე მიღებული. დადგა დრო, დავდგეთ ერთად ყოველ დღე, მანამ, სანამ რეჟიმი არ მოიგუდება დემოკრატიულად. ყოველ დღე უნდა ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა. ვალდებულები ვართ, წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე ვიბრძოლოთ ბოლომდე და ეს ბრძოლა დაგვირგვინდეს ბოლომდე“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, 17 ნოემბერს, 20:00 საათზე შეიკრიბნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები