ანდრიაძე: მთაწმინდის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ამორტიზებულია, საჭიროა სპეციალური კანონი

“არჩევნებში ჩემი მთავარი კონკურენტი არის კოჰაბიტაციური, „ნაციონალურ-ოცნებისტური“ ხელისუფლება”, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანდრიაძემ საკუთარი პროგრამის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა.
„ არის 2 მთავარი მიმართულება იმიტომ,  რომ 2 მთავარი პრობლემა აქვს ჩვენს მოსახლეობას. პირველი – ეს არის საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და ჩვენ ამ კრიზისის დაძლევის კონკრეტულ გზებს ვთავაზობთ, რომლებიც არავის არასდროს  შეუთავაზებია: ეს არის მევახშური საბანკო სისტემის დანგრევა-განადგურება მთლაიანად და ამ სისტემის შეცვლა ცივილიზებული, ევროპული საბანკო სისტემით, ასევე, ეკონომიკური პატრიოტიზმი, რომელიც არავის აქვს და ყველა მთავრობა ანგრევდა ქართულ-ნაციონალურ ეკონომიკურ პატრიოტიზმს. ეს არის ჩვენი პროგრამა – შეიძინე ქართული ნაწარმი, ანუ დაეხმარე ქართულ ბიზნესს. ამ პრინციპით მომავალშიც გავაგრძელებთ მოქმედებას, უბრალოდ, საპარლამენტო ტრიბუნიდან ეს გაცილებით ადვილი და ეფექტური იქნებოდა; ამიტომ გვინდა ეს გავაკეთოთ. მეორე მიმართულება  არის ქართული, ტრადიციული ღირებულებების დაცვა, დაცვა ლგბტ აგრესიისგან, მიგრანტების შემოსევისგან, ქართული მიწის გაყიდვისაგან. ვეცდებით, ქართულ საზოგადოებაში დარჩეს ის ღირებულებები, რომლებითაც ჩვენი საზოგადოება აქამდე მოვიდა. ვინც მხარს დაუჭერს „ნაციონალებს“ ან „ოცნებას“, ისინი, ფაქტობრივად, ხმას აძლევენ საქართველოში ლგბტ ღირებულებების დამკვიდრებას, მიგრანტების შემოსვლასა და ქართული მიწის გაყიდვას.

რაც შეეხება მთაწმინდას – როგორც მთელს საქართველოში, აქაც არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი მხოლოდ მთაწმინდისათვის – ეს არის ნგრევის ზონა. მთაწმინდის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ამორტიზებულია. ამას არაფერი უშველის, თუ არ იქნა მიღებული სპეციალური კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, უშუალოდ, მთაწმინდაზე. ცენტრალური ბიუჯეტიდან თუ დააფინანსებს სახელმწიფო და მოახდენს უბნის რესტავრაციას, გადააქცევს ერთერთ კულტურულ და ტურისტულ ცენტრად.
ჩემი მთავარი კონკურენტია კოჰაბიტაციური “ნაციონალურ-ოცნებისტური” ხელისუფლება. ისინი რამდენიმე წელიწადია, დგამენ სპექტაკლებს. როგორც გადაწყვეტენ, იმ კანდიდატს დასვამენ, როგორც ეს იყო საპრეზიდნეტო არჩევნების შემთხვევაში.
ერთადერთი იმედი ისაა, რომ საზოგადოება ამას პროტესტს უცხადებს.
მოსახლეობის, დაახლოებით, 60 %-მდე არ მიდის არჩევნებზე. ჩვენი იმედი და ფოკუსჯგუფი სწორედ ეს ხალხია, რომ მათ,  იქნებ, გამოიჩინონ აქტივობა. ეს 25-წლიანი ნიჰილიზმის შედეგია“, – განაცხადა ანდრიაძემ.
შეგახსენებთ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები