“წლისთავი შს მინისტრის ბოდიშს კი არა, “კლუბური ნარკოტიკებით” დაღუპულ ბავშვებს გადაუხადეთ…ელჩის მოსმენა არ დაგავიწყდეთ” (ვიდეო)

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ბასიანის მოვლენებიდან ერთი წლის თავსა და აქტივისტების მიერ დღეს, პარლამენტის წინ შს მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტის დადგმის ფაქტს ეხმაურება. შესაბამის პოსტს სალუქვაძე სოციალური ქსელში აქვეყნებს და გასული წლის 12 მაისის მოვლენების დროს საკითხზე საქართველოში პოლონეთის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარზე ამახვილებს ყურადღებას.
“ერთი წლის წინანდელ ამბებს რაკი იხსენებთ, ეს შარშანდელი ვიდეოც გაიხსენეთ და მოუსმინეთ, რას ამბობს საქართველოში პოლონეთის ელჩი. ისე, გვყოლია მოქანდაკეები, გახარიას ბიუსტი მომეწონა, ჰგავს. “არაჩვეულებრივი გამოფენა” გამახსენდა.
ხუმრობა იქეთ იყოს, “კლუბურ ნარკოტიკებს” ახალგაზრდები რომ ეწირებოდნენ, მგონი დაგვავიწყდა. წლისთავი შს მინისტრის ბოდიშს კი არა, “კლუბური ნარკოტიკებით” დაღუპულ ბავშვებს გადაუხადეთ. მათი სიკვდილი ვიღაცის სინდისზეა. ელჩის მოსმენა არ დაგავიწყდეთ, ვისაც გეხებათ. ამ მიმართულებით თითი არ გაგინძრევიათ”, -წერს სალუქვაძე და საქართველოში პოლონეთის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების ამსახველ ვიდეოს აზიარებს.
“ეს სიტუაცია მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულია, მე მესმის პოლიციის აქტივობების, ეს კეთდება ნარკოტიკებთან ბრძოლისთვის. ჟურნალისტებმაც მაღალ დონეზე გააშუქეს ეს ღონისძიება, რათა საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ აღნიშნული ინფორმაცია, რაც დროულად და ეფექტიანად განხორციელდა. პოლონეთში ხდება ხოლმე დაკავებები, მაგალითად, დააკავეს ნარკოდილერი, რომელსაც აღმოაჩნდა პლანშეტში შესაბამისი ადამიანების მისამართები.
დამერწმუნეთ და ეს ძალზედ სერიოზული პრობლემაა ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ, მე პირადად, მინდოდა თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის მეთხოვა, რომ აქტიურად გემუშავათ ამ თემაზე, რათა ადამიანებს მიეწოდოთ ინფორმაცია, რამდენად დამანგრეველია აღნიშნული პრობლემა, ეს საკითხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის.
მოდით, ნუ მიაწვდით ნარკოტიკების ფასების შესახებ ინფორმაციას. ბევრი ჟურნალისტი შეცდომას უშვებს, როდესაც “ამფეტამინის” ან სხვა ნარკოტიკული საშუალების ფასს ასახელებს თავის რეპორტაჟებში. თავისებურად არ უნდა გავუადვილოთ ახალგაზრდებს ამ ჭაობში ჩაფლვა, უბრალოდ, ხაზი უნდა გავუსვათ, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ნარკოტიკების მოხმარებით”, -აცხადებს ელჩი.
ცნობისთვის, 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო რეიდებიდან ერთი წლის თავზე, პარლამენტის წინ აქტივისტებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს. ბიუსტზე არის წითელი ღილაკი, რომელზე დაჭერის შემდეგაც ირთვება ხმოვანი ფრაზა – „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით”. ორგანიზატორების განცხადებით, ინსტალაცია გასული წლის 12 მაისის მოვლენებს ეხმაურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები