“ვურჩევდი, საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში” – როგორ დახვდნენ ოზურგეთელები გიგი უგულავას

“გიგი უგულავას ვურჩევდი, საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში”, – ასე გამოეხმაურა ოზურგეთელი ეკატერინე ბერანძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას გურიაში დღევანდელ სტუმრობას, ამავე პარტიის კანდიდატის, იაკობ ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად .

მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთელი მოსახლეობის ნაწილი გიგი უგულავას კეთილგანწყობით და დადებითად შეხვდა, მრავლად იყო მათი რიცხვი, ვინც უგულავას გამოჩენამ გააღიზიანა და მათში უკმაყოფილება გამოიწვია.
ამასთან, გურულების თქმით, “ევროპული საქართველო”, წარსულიდან გამომდინარე, ალტერნატივა ვერ იქნება .

“კვირასთან” საუბარში ოზურგეთის მკვიდრი ეკატერინე ბერანძე, რომელიც გიგი უგულავას შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა, ამბობს, რომ ხალხს უგულავას ნდობა არ აქვს, რადგან, მისივე თქმით, “ევროპული საქართველოს” ლიდერს საზოგადოებაში სახელი აქვს გატეხილი.
“ტყუილად ლაპარაკობს, ჩემი აზრით. მე არ ვენდობი ადამიანს, რომელიც დღეს ასე ფიქრობს, ხვალ – ისე ფიქრობს… მე გიგის ვურჩევდი, რომ საერთოდ არ მიიღოს წინასაარჩევნოდ ამ კარდაკარ და რაიონ-რაიონ სიარულში მონაწილეობა, იმიტომ, რომ მას ხალხის სიმპათია არ აქვს “, – ამბობს ეკატერინე ბერანძე.

იური მოქია ოზურგეთელი გლეხია, რომელიც თავს მსხვილფეხა პირუტყვის მოვლით ირჩენს. “კვირასთან” საუბარში ის არ უარყოფს, რომ წინა ხელისუფლების დროს ეშინოდა ხმამაღლა ლაპარაკის, ახლა კი თავისუფალია და აზრის გამოხატვა ყველაფერზე შეუძლია.

“მხარდაჭერასაც ვერ მიიღებს (“ევროპული საქართველო”), იცოდეთ. მე, მაგალითად, სიტყვას რომ ვიღებდი და მათ წინააღმდეგ ხმას ვიმაღლებდი, მემუქრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერები. შიში მქონდა, “გაჩუმდი თუ არა, იცოდე”… “გაჩუმდი”. რა უნდოდა და ხმა არ უნდა ამოგვეღო. დღეს, ახლა, ვლაპარაკობთ ყველა, მაშინ არ გვქონდა ამის უფლება. ახლა ვისაც რა უნდა, იმას იტყვის… აგერ, ლუდას მარკეტში შევდიოდით, ვლაპარაკობდით და ჩუმად ვიღაც შემოდიოდა და გვისმენდა. იტყოდნენ, შემოვიდაო და ვჩუმდებოდით ეგრევე”, – ამბობს იური მოქია.

ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის შუალედურ არჩევნებში პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, იაკობ (კობა) ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად, დღეს გურიას ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ესტუმრა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, იგი ცენტრალურ ქუჩებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკოლმეურნეო ბაზარშიც იმყოფებოდა. ბოლოს კი შეხვედრა “უნივერმაღის” შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა.
“საზოგადოების განწყობა არის ის, რომ მზად არის, ივანიშვილი გაგლიჯოს იმ ტყუილებისთვის და იმ იმედგაცრუებისთვის, რაც არის. მე მიწევდა ხშირად ადამიანების დაწყნარება და ეს აბსოლუტურად ბუნებრივად ჩანს. მოხერხება უნდა, რომ აქამდე მიიყვანო საზოგადოება. ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ მშვიდად, არჩევნებით, 19 მაისს, იქ, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება, მომდევნო ერთი წელიწადი დავუთმოთ იმას, რომ დავანახოთ საზოგადოებას ალტერნატივა”, – განაცხადა გიგი უგულავამ “კვირასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები