გიგი უგულავა ლგბტქი თემზე: ყველა, ვინც ჩაგრავს, ის ლურსმანს აჭედებს ქრისტეს სხეულში
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ლგბტქი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას არასერიოზულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ თემით მანიპულირება და მათი საზოგადოებიდან გარიყვა დაუშვებელია.
უგულავას განმარტებით, ყველა ადამიანს აქვს თვითგამოხატვის უფლება და ამ ნიშნით არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს.
“მე წინააღმდეგი ვარ ლგბტ თემის გარიყვის ჩვენი საზოგადოებიდან, ის არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენ უნდა მივიღოთ ისინი, როგორებიც არიან და არ უნდა მოხდეს მათი ჩაგვრა. ამას ამბობს კონსტიტუცია, ამას ამბობს ჯანსაღი და ნორმალური აზრი. ჩაგვრა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრა , განსაკუთრებით კი, ამ ნიშნით”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
ამასთან, მისი აზრით, ყველა, ვინც ჩაგრავს, პირდაპირ ლურსმანს აჭედებს ქრისტეს, ვინაიდან ქრისტე ამ ქვეყანაზე, სწორედ ჩაგრულების მხარდასაჭერად მოვიდა.
“ვინც დაჩაგრავს, ის ლურსმანს აჭედებს ქრისტეს სხეულში. ეს კარგად გააცნობიეროს ყველა ურაპატრიოტმა, რომელიც აი, ამას ჩადის”, – განაცხადა “კვირასთან” საუბრისას თბილისის ყოფილმა მერმა.