ნათია მეზვრიშვილი: 2018 წელს 10-მდე იზოლატორი გარემონტდა და ეს 2019 წელსაც გრძელდება – CPT-ის რეკომენდაცია არის, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ

„2018 წელს 10-მდე იზოლატორი გარემონტდა და ეს 2019 წელსაც გრძელდება – CPT-ის რეკომენდაცია არის, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა „წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტის“ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით გაიცა გახლავთ, ფაქტობრივად, იმისკენ მიმართული, რომ არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ფაქტობრივად, კიდევ უფრო კომფორტის ზონის შექმნისკენ, ვიდრე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისკენ, როგორც მაგალითად ეს იყო გასულ წლებში. მაგალითს მოგიყვანთ – მაგალითად, ექიმების ნაწილში და სამედიცინო პუნქტების ნაწილში. CPT-ის წინა რეკომენდაცია იყო, რომ გაგვეზარდა ექიმების და სამედიცინო პუნქტების რაოდენობა იზოლატორებში. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი 18 იზოლატორი, სადაც მუდმივად ექიმები გვყავს დასაქმებული და სადაც სამედიცინო პუნქტები გვაქვს. ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც 2019 წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, CPT -ს რეკომენდაცია არის, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ და იზოლატორი სრულად დავაკომპლექტოთ ექიმებით. ანალოგიურად არის რეკომენდაციები სხვა საკითხებთან მიმართებითაც, მაგალითად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 2018 წელს, 10-მდე იზოლატორი გარემონტდა და 2019 წლის დასაწყისში ეს პროცესი გრძელდება იმ იზოლატორების მინიმალურ რაოდენობაში, რაც დარჩენილია, ასევე დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები. აი, ასეთი ტიპის რეკომენდაციებია, რომელიც ჩვენ სამოქმედო გეგმაში გაწერილი გვაქვს. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. არის რეკომენდაციები, არ დაგიმალავთ, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, მაგალითად, სველი წერტილების გატანა ზოგიერთი იზოლატორებიდან, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სველი წერტილები საკნებში. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული. ბუნებრივია ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური სახსრები და ადამიანური რესურსები და ის მშენებლობები, მაგალითად იგივე თბილისში, რაც უკვე დაწყებულია და 2020 წლისთვის ეს დასრულდება – ეს რეკომენდაციები სრულად იქნება შესრულებული“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები