ნაზი ჯანეზაშვილი: იმედი არ მაქვს, რომ იუსტიციის საბჭო გარე კადრებსა და კვალიფიციურ ადამიანებზე შეაჩერებს არჩევანს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს მოლოდინი არ აქვს, რომ საბჭო გარე კადრებსა და კვალიფიციურ ადამიანებზე შეაჩერებს არჩევანს. მისივე თქმით, იმისთვის, რომ პროცესს ჰქონდეს ნდობა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იუსტიციის საბჭოს წევრებმა და საბჭოს მდივანმა პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღონ მაშინ, როდესაც ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა თანამდებობაზე არიან წარმოდგენილი.
„როგორც მოგეხსენებათ, თვეების განმავლობაში დისკრედიტირებული იყო პროცესი, რასაც თავად საბჭოს გადაწყვეტილებამ შეუწყო ხელი, რომელიც დეკემბერში მიიღო. რომ არ განმეორდეს იგივე, საბჭომ მაქსიმალურად უნდა გაუხსნას კვალიფიციურ კადრებს კარი გარედან. მოლოდინი და იმედი არ მაქვს, რომ საბჭო გარე კადრებსა და კვალიფიციურ ადამიანებზე შეაჩერებს არჩევანს. ვფიქრობ, რომ საბჭოს წევრები და მოქმედი მდივანი არ უნდა იყვნენ კანდიდატები, რადგან საბჭო, პირველად ქვეყნის ისტორიაში, არის წარმდგენი ორგანო. მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის საბჭო, თავად წარმდგენი ორგანო არ წარადგენდეს თავისივე კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტში”, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღებას ხვალიდან, 11 მაისიდან დაიწყებს და პროცესი 31 მაისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები