სოფელ ლეჩურთან ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი წაიღო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო.
„აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ“,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.