“წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პატიმრების წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ აქვს”

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, ანგარიშში საქართველოში არა თუ ადამიანების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი, არამედ – მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე, როგორიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებშია.
“დღეს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშს გავეცანი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ ვართ სკანდინავიის ქვეყნების დონეზე. უდიდესი პროგრესის მიუხედავად, გარკვეული ხარვეზები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშის თანახმად, საქართველოში პატიმრების წამებას, მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში ეს მავნე პრაქტიკა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად დასრულდა.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები დღეს არა თუ ადამიანების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, არამედ უკვე ისეთი მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე გვესაუბრებიან, როგორებიც ნორვეგიაში, შვედეთსა და ევროკავშირის სხვა წამყვან ქვეყნებშია”, – წერს ექსპერტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისათვის, წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის დელეგაციის მიერ 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს.
ვიზიტის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობასთან ერთად, შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობა.
აღსანიშნავია, რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი პოზიტიურად აფასებს პოლიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები