დავით მათიკაშვილი: მარტო სამების საკათედრო ტაძრის აგება რად ღირს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულიერების განუყოფელი ნაწილია

საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში საია-ს წინასაარჩევნო მონიტორინგს ეხმაურება.
მისი თქმით, სრული უსახსრობის პირობებში ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრება გაჩერებისა და კოლაფსისგან ფონდმა „ქართუმ“ იხსნა.
„სამწუხაროა, როდესაც ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, ერთი მხრივ, ამომრჩევლის მოსყიდვასა და, მეორე მხრივ, საერთო ეროვნულ, არ შემეშინდება, თუ ვიტყვი, რომ საშვილიშვილო საქმეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, აგერ უკვე 25 წელზე მეტია, საქართველოში ახორციელებს. საინტერესოა, საია-ს აზრით, როდიდან დაიწყო ფონდმა „ქართუმ“ ამომრჩევლის მოსყიდვა: ალბათ, მაშინ, როდესაც ფილანტროპის მხოლოდ სახელი და გვარი იცოდა საზოგადოების მცირე ნაწილმა, სამაგიეროდ, მისი ქველმოქმედების შედეგით ყველა ვამაყობდით. რად ღირს თუნდაც სამების საკათედრო ტაძრის აგება, რომელიც ჩვენი ეროვნული სულიერების განუყოფელი ნაწილია დღესდღეობით. თუ მაშინ, როდესაც სრული უსახსრობის პირობებში ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრება გაჩერებისა და კოლაფსისგან ისევ ფონდმა „ქართუმ“ იხსნა. და ეს ძალიან მცირედი ჩამონათვალია ქველმოქმედებისა, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე განხორციელდა. ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და მათი მოხატვა, მით უმეტეს – კერძო ფონდის მიერ, არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ამიტომ კეთილი საქმის, მით უმეტეს, საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელება მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს!“, – წერს მათიკაშვილი “ფეისბუქში”.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. საია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სამების სრულად მოხატვის დაპირება და, ასევე, სოფელ ხიბულაში მოსახლეობისთვის საკუთარი ფულით, გაზისა და წყლის საკითხების მოგვარების დაპირება ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები