გივი მოდებაძე: გპირდებით, ჭიათურაში ბევრ რამეს შევცვლი უკეთესობისკენ
მმართველი გუნდის ჭიათურის მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე დარკვეთისა და მღვიმევის მაღაროს, ასევე, ,,ჯორჯიან მანგანეზის” ქარხნებში დასაქმებულ მაღაროელებს შეხვდა. კანდიდატმა კერძო სექტორში დასაქმებულებს ჭიათურის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.
,,მნიშვნელოვანია, ყველა თქვენგანმა მიიღოს მონაწილეობა 19 მაისს შუალედურ არჩევნებში. ეს არჩევნები ჭიათურისთვის ბევრ რამეს წყვეტს. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ბოლო პერიოდში დაწყებულ უმნიშვნელოვანეს პროექტებს გავაგრძელებ, რაც გარანტი იქნება ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. გპირდებით, ჭიათურაში ბევრ რამეს შევცვლი უკეთესობისკენ”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
თავის მხრივ, მღვიმევის მაღაროს თანამშრომლები დაინტერესდნენ, იგეგმებოდა თუ არა მღვიმევის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით გივი მოდებაძემ განაცხადა, რომ ჭიათურა მღვიმევის დამაკავშირებელი გზის პროექტი უკვე მომზადებულია და სამუშაოები წელს დაიწყება. მერობის კანდიდატმა მაღაროელებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს ჯორჯიან მანგანეზთან, რათა ერთობლივი მუშაობით მეტი სიკეთე იგრძნოს ჭიათურის მოსახლეობამ.