ფშაველი–აბანო–ომალოსა და ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზებზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის, კერძოდ უხვი ნალექისა და მეწყრის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოსა და ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზებზე მოძრაობა შეზღუდულია.
“ორივე მიმართულებაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო. რის გამოც აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სოფელ ლეჩურთან წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები, რათა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, განხორციელდეს საპრევენციო ღონისძიებები“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე ჩამოვიდა დიდი ოდენობით მეწყრული მასა. ჩამოსული მასის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და საავტომობილო მოძრაობა ხვალ დღის განმავლობაში აღდგება.