თამარ მახარობლიძე: სასიხარულოა, რომ თსუ-ის პრორექტორად იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული დაინიშნა
სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე თსუ-ის პრორექტორად ნინო გვენეტაძის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთია იურისტი ნინო გვენეტაძე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა და სასიხარულოა, რომ იგი იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა და ლექტორმა დაიკავა. ნინო გვენეტაძე არის სამართლის დოქტორი. წლებია, ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. არის რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მაქსპლანკის საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი და ა. შ. მის დასახელებულ თანამდებობასთან დანიშვნასთან რა შუაშია მისი სამოსამართლეო საქმიანობა და პოლიტიკა? დღევანდელ რეალობაში ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა, ყოფილი მოსამართლეები აკადემიურ სფეროში აგრძელებენ საქმიანობას (გიორგი პაპუაშვილი, ილიაუნის პროფესორი და ა.შ.) ან
პარტიულობა რა შუაშია? („ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მარიამ გერსამია უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის პროფესორია და კიდევ რამდენია ასეთი ადამიანი). თსუ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ყოვლად შორს მდგომი პოლიტიკისგან. ამას მისი პერსონალი და სტუდენტები ადასტურებენ. უნივერსიტეტი ყველა ასეთ მეცნიერს ყოველთვის უთმობდა და მომავალშიც დაუთმობს პლატფორმას!“, – წერს თამარ მახარობლიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა.