სენაკის სკოლაში მეხუთეკლასელების მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაციაა
სენაკში მეხუთეკლასელი მოსწავლეები სკოლაში მოიწამლნენ. სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს მკურნალი ექიმი “კვირასთან” საუბრისას ამბობს, რომ ჰოსპიტალში 24 ბავშვი შეიყვანეს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ბავშვების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კონკრეტულად რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.
“ჩვენს კლინიკაში 24 ბავშვი შემოიყვანეს, აქედან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 13 მოსწავლე, პატრულის თანამშრომლებმა ოთხი და დანარჩენები მშობლებმა შემოიყვანეს, თუმცა შეშინებულები იყვნენ მშობლები და თვითდინებითაც შემოჰყავდათ. მხოლოდ რამდენიმე ბავშვს ჰქონდა გამოხატული კლინიკური ინტოქსიკაცია – საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე, გულისრევის შეგრძნება, ყელში სიმშრალის შეგრძნება, თავბრუსხვევა. ეს სიმპტომი აღენიშნებოდა 5 ბავშვს, დანარჩენები აჟიტირებულები იყვნენ. ყველა შემოყვანილ პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება. ამჟამად, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოვიძახეთ ტოქსიკოლოგი, რომელიც ყველას მდგომარეობას აკონტროლებს და, შესაბამისად, ეწერებიან. ბავშვები დაკვირვების რეჟიმში იმყოფებიან დღის ბოლომდე ყველას გავწერთ, ალბათ”, – განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
ტოქსიკოლოგის თქმით კი, ამჟამად, ყველა ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ ერთი ბავშვი რჩება მეთვალყურეობის ქვეშ.
ერთ-ერთი მოზარდი, კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, “კვირასთან” საუბრისას იხსენებს, რომ სკოლის კაფეტერიაში საკვები არ მიუღია, თუმცა შენობაში უცნობი ნივთიერების სუნი იდგა.
“თავის ტკივილის მიზეზით შემომიყვანეს კლინიკაში. სკოლაში სუნი იყო, რისი – არ ვიცი, ბუფეტში დღეს საკვები არ მიმიღია. უკვე გავეწერე”, – თქვა ერთ-ერთმა მეხუთეკლასელმა.
კლინიკაში, ასევე, იმყოფებოდა სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – დარეჯან ზარანდია, რომელმაც “კვირასთან” საუბარში განაცხადა, რომ სკოლის შენობაში მძაფრი სუნი იდგა, რაც, შესაძლოა, აღნიშნულის მიზეზი ყოფილიყო.
“მიზეზს ვარკვევთ, გაზი გამოირიცხა. გაზით არ არიან მოწამლულები. აშკარად იყო რაღაც არასასიამოვნო სუნი, რის გამოც ჰქონდათ ბავშვებს ჩივილები”, – განაცხადა დარეჯან ზარანდიამ.
კლინიკაში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელიაც გაეცნო.
“ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, უმრავლესობა გაეწერა. ყველა ბავშვი რჩება ექიმების და მშობლების ზედამხედველობის ქვეშ. ვინაიდან არ არის ცნობილი რა მიზეზით მოხდა მოწამვლა, სპეციალისტები ჩართული არიან, მუშაობენ და ვნახოთ, რა შედეგი იქნება. გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავთ, უცხო სუნი იგრძნეს ბავშვებმა, მაგრამ ვერავინ ამბობს, გაზი იყო თუ სხვა რამ. არის სხვადასხვა ვერსიაც და ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას”, – ამბობს “კვირასთან” საუბრისას მოწერელია.
“კვირა” ერთ-ერთი მოსწავლის მშობელსაც გაესაუბრა. მისი თქმით, კვებითი ინტოქსიკაცია გამორიცხულია, თუმცა, ბავშვს თავის და მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და სისუსტე აღენიშნებოდა.
“ბავშვი უკვე აღარაფერს უჩივის. ჰქონდა მუცლის და თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, იყო სუსტად. რამ გამოიწვია ვერ გეტყვით,სკოლაში ჯერ არაფერი მიკითხავს. თუმცა კვების მიზეზს გამოვრიცხავ”, – განაცხადა მშობელმა.
ცნობისთვის, დღეს სენაკის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეები მოიწამლნენ. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბავშვების მოწამვლის მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სურსათის უვნებლობის სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ.