გიორგი გოგლიჩიძე: ჩემი არჩევის შემთხვევაში თქვენ დაინახავთ, რამდენი პროექტი განხორციელდება წყალმომარაგების, გაზიფიცირების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით

მმართველი გუნდის ზესტაფონის მერობის კანდიდატი კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამის ძირითადი ხედვები გააცნო. გიორგი გოგლიჩიძემ, ასევე, ფეროშენადნობი ქარხნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
,,30-იანი წლებიდან მოდის ეს საწარმო და მან ძალიან ბევრი ოჯახის გადარჩენას შეუწყო ხელი. დიდია მისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. სერიოზული პროგრესია, ასევე, ეკოლოგიური პროექტების განხორციელებაში. ეს არის სწორი მიდგომა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემების მიმართ. საწარმოს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქალაქისთვის. გავიხსენოთ დასუფთავების, სარწყავი მანქანების გადაცემა ზესტაფონისთვის, სულ ახლახან მოეწყო შესანიშნავი სკვერი, აღსანიშნავია ასევე გზების მოსაწყობად წიდის შეუზღუდავი ოდენობის მიწოდება მუნიციპალიტეტის ნებისმიერ წერტილში, რასაც ფშქ საკუთარი ძალებით ახდენს. ეს არის ძალიან კარგი ურთიერთობა ქალაქსა და საწარმოს შორის, რაც ორივე მხარეს დიდ სარგებელს მოუტანს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ეს ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება. 19 მაისს ჩემი არჩევის შემთხვევაში, თქვენ დაინახავთ, რამდენი პროექტი განხორციელდება წყალმომარაგების, გაზიფიცირების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ვიცით, რომ სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ზესტაფონი არის მაღალი დაბინძურების რისკის ქვეშ. აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ ზესტაფონში ვგეგმავთ სკრინინგ ცენტრის გაკეთებას. ჯანდაცვის სამინისტროში ამისთვის სრული მზაობაა, გვჯერა, “ჯორჯიან მანგანეზიც” გვერდით დაგვიდგება, როგორც ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია”, – მიმართა კომპანიის თანამშრომლებს მერობის კანდიდატმა.
შეხვედრის მონაწილეებს  მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერისკენ  ფშქ-ს დირექტორმა, ვასილ გველესიანმა მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს იქნება არჩევანი, რომელიც ზესტაფონს მეტ განვითარებას მოუტანს.



კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები