ლაშა გვასალია: “ნაცმოძრაობას” ძალიან დაუძველდა ხელწერა და მეთოდები
“ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან დაუძველდა ხელწერა და მეთოდები. ყველამ კარგად იცის – როგორც კი დარწმუნდებიან, რომ არჩევნებს აგებენ უშანსოდ, მიმართავენ სხვადასხვა პროვოკაციულ მეთოდს”,- ასე გამოეხმაურა ზუგდიდის შტაბის “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი, ლაშა გვასალია ენმ-ის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძის გამოთქმულ ბრალდებებს, რომ დღეს მმართველი გუნდის წევრები, სუს-ის დავალებით, მათ თავს დაესხნენ.
“თავად ქმნიან დაძაბულობას და შემდეგ ამ ქაოსს მმართველ გუნდს აბრალებენ. ეს მეთოდები აღარ ჭრის. ძალიან უნდათ დაძაბულობა და არეულობა, რადგან ეს არის ამ პოლიტიკური ძალისთვის ბუნებრივი მდგომარეობა და ქაოსში თავს კომფორტულად გრძნობენ. მაგრამ ზუგდიდსა და ყველა რეგიონში არჩევნები ჩაივლის მშვიდად და ქართველი ხალხი მათ კიდევ ერთხელ ეტყვის არას”, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.
ცნობისთვის, დღეს ენმ-ის ზუგდიდის ოფისში ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც “ქართული ოცნება” მათ მიმართ ძალადობასა და ზეწოლაში დაადანაშაულა.
“დღეს სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით სოფელ რიყეში, რა დროსაც თავს დაგვესხნენ ზონდერჯგუფები. როდესაც მე და ჩემი მეგობრები: ზალიკო უდუმაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და გია თევდორაძე შევდიოდით სხვადასხა დასახლებაში, ამ დროს თავს დაგვესხა ზონდერების მთელი ჯგუფი, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან. ისინი ცდილობდნენ, პროვოკაციაზე წამოეგოთ ჩემი მეგობრები. ეს ადამიანები იყვნენ: ირაკლი შელია, ზაზა შელია, რობერტ ბენდელიანი, გელა კვარაცხელია, ვალერი ტიბუა და ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ზურაბ ვახანია. ამ ხალხს კოორდინაციას უწევს სუს-ი. ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო ადგილობრივი “ქართული ოცნების” შტაბში მუდმივად მყოფი სუს-ის მაღალჩინოსნის, ლაშა ვეკუას მიერ, რომელიც სოფელ რიყეში ზის “ოცნების” შტაბში და განაგებს საარჩევნო სიტუაციას. ასევე, დაგვყვებოდა მცხეთა-მთიანეთის სუს-ის უფროსის მოადგილის, შოთიკო ბაჯალაძის ავტომობილი და ისიც აკოორდინირებდა სიტუაციას. მე უკვე ვიმყოფებოდი გამოკითხვაზე და მთელი ეს ინფორმაცია მივაწოდე. მინდა, ყველას ვუთხრა, არანაირი ძალადობა ზუგდიდელების შესაშინებლად არ გამოგივათ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.