რატომ წავიდა ბაღდათის მერი გერმანიაში – ადგილობრივი მერია განმარტებას აკეთებს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე 8-15 მაისის ჩათვლით, გერმანული მხარის ოფიციალური მიწვევით, ბერლინში იმყოფება, სადაც ფესტივალი – „მაიაკოვსკის ნაკვალევზე, ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს“ იმართება. ასე ეხმაურება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაღდათის მერი და მისი თანამშრომლები გერმანიაში ანსამბლ “საირმის” ნაცვლად წავიდნენ.
მერიის განმარტებით, აღნიშნულ ფესტივალს საფუძველი გასული წლის ოქტომბერში ბაღდათში ჩაეყარა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად ბაღდათის მერი, არჩილ გოგსაძეა. ამჯერად, ფესტივალის მეორე ეტაპი ქალაქ ბერლინში მიმდინარეობს.
„რაც შეეხება საინფორმაციო სააგენტო TOP NEWS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, გერმანიაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში ფოლკლორული ანსამბლი „საირმე“ უნდა ყოფილიყო და არ მოხდა მათი წარმოჩენა – ეს სიმართლეს არ შეესაბამება და სააგენტოს მიერ გამიზნულად მოხდა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. დელეგაციას ბერლინში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოდან, ბაღდათის მუნიციპალიტეტთან ერთად, ბათუმის მომღერალთა გუნდი იღებს და, ასევე, რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის შემოქმედებითი ჯგუფებია წარმოდგენილი“, – აცხადებენ მერიაში.