თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ.
როგორც „კვირას“ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაჩიძემ განუცხადა, ჩიჩახვის ხევთან პრობლემები ჯერ კიდევ არის, დანარჩენ სოფლებში კი სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
,,გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია. ამ მომენტისთვის ჩვენს ხელთ არსებულ ტექნიკით, ჯერჯერობით, გავდივართ ფონს. საჭირო ტექნიკა კიდევ გვჭირდება. თუმცა, იმედია, ცენტრალური ხელისუფლება შეძლებს დახმარებას, რომ ტექნიკა მოგვაშველოს, თორემ ამ ტექნიკით ცოტა რთულია“, – აცხადებს არჩილ თხლაჩიძე.
თელავში სტიქიამ სახნავ-სათესი მიწები გაანადგურა. ადგილობრივების ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს ატმის ბაღები დაუზიანდა.
დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
როგორც „კვირას“ თელავის მერის მოადგილემ, დავით ბეგიაშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფლებში ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის დათვლა.
მისივე თქმით, განმეორებით წყალდიდობის საშიშროება არ არსებობს.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან ახმეტის რაიონშიც.
ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის განცხადებით, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ალაზანი ადიდდა და კალაპოტი გაარღვია, რის გამოც დაზარალდა სოფლები:- ბაბანეური, არგოხი, მაღრაანი და პანკისის ხეობა. დატბორილია სახლის პირველი სართულები და შიდა საუბნო გზები.
შედეგად, პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოდან ომალოს მიმართულებით ჩახერგილია სამანქანე ხიდი და აკრძალულია გადაადგილება.
“სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა, რისთვისაც ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლების დახმარება სჭირდება”, – განაცხადა სოსო ქარუმაშვილმა.
სტიქიის ზონაში შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები