მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.
მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ფრანგი ხალხის ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რთულ წლებში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რასაც ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მთავრობის მეთაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას, ასევე, ყურადღება დაეთმო სამართალდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მინისტრ კასტანერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პრემიერმინისტრმა საფრანგეთთან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები