რატი იონათამიშვილი: საია-ს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული უხარისხო პასკვილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საია-ს მონიტორინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მინდა, გამოვეხმაურო საია-ს ანგარიშს, ვითომდა ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო გარემოს შეფასებას კი არ წარმოადგენს, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწერილი უხარისხო პასკვილია. მართლა მოხერხება უნდა, რომ გქონდეს ასეთი ფანტაზია – ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მოხატვა არჩევნებზე ელექტორატის მოსყიდვას დაუკავშირო.
ფონდი “ქართუ” 25 წელია, უწყვეტად ახორციელებს ქართული ეკლესია-მონასტრების, კულტურული ძეგლების, არქეოლოგიური და მატერიალური მემკვიდრეობის აღდგენით სამუშაოებს როგორც საქართველოში, ასევე – მის საზღვრებს გარეთ. ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა მაშინაც, როცა მისი ფოტოსურათიც არავის ჰქონდა ნანახი  მაშინაც, როცა პრემიერი იყო და არ შეწყვეტს მომავალშიც.
ვფიქრობ, რომ მთავარი ფუნდამენტური სხვაობაც სწორედ ეს არის – ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ეწევა თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის, ხოლო ოპოზიცია და მათი სატელიტი ორგანიზაციები წერენ ანგარიშებს ერთმანეთისთვის და ამ წერის პროცესში ავიწყდებათ, რომ მსგავსი პასკვილებით სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის კი არ დაზარალებენ, არამედ ხდებიან ქართული საქმის მოწინააღმდეგენი“, – წერს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები