ეკა ბესელიამ პარლამენტში მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმებაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, საინიციატივო ჯგუფის სახელით, პარლამენტის კანცელარიაში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა. ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმებას ეხება.
საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად საინიციატივო ჯგუფი 200 000 ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს. ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლეთა უვადო არჩევის წესი ვადიანით უნდა შეიცვალოს.
“დაველოდებით ოფიციალურ სარეგისტრაციო დოკუმენტებს და ოთხი თვის განმავლობაში შევაგროვებთ 200 ათას ხელმოწერას, რომლითაც უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და უკვე უვადოდ არჩეულ მოსამართლეებსაც უნდა შეეხოს. ეს არის მოთხოვნა, რომელიც, ჩემი აზრით, საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას ეხმიანება. ამ საინიციატივო ჯგუფში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე, ხელს აწერენ მირიან წიკლაური და ნატო ჩხეიძე. გარდა ამისა, საკრებულოს წევრი, ვატო შაქარიშვილიც აწერს ხელს. სულ არის 10 ადამიანი. ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი მომხრეა, თუმცა 76 ხმა არ არის, რომ პროცესი პირდაპირ დაგვეწყო. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევაგროვებთ საჭირო ხელმოწერებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები