გოგლიჩიძე: როცა ოფისთან ხელყუმბარა გამიხსნეს, ხიჯაკაძე პროკურორი იყო, მან ეს საქმე მიჩქმალა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატს, ბაქარ ხიჯაკაძეს კონკურენტად არ მიიჩნევს. ამის შესახებ გოგლიჩიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე ვერ ვიტყვი, რომ არის კონკურენტი. მე როგორც ბაქარ ხიჯაკაძეს არა, მე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეზე, როგორც მის კანდიდატზე – ბაქარ ხიჯაკაძეზე შემიძლია, ვისაუბრო. მან მთელი ეს წინასაარჩევნო პერიოდი, როგორც მოგახსენეთ, ააწყო სიცრუეზე. მას შევახსენებ ერთ-ერთ ფაქტს – როცა 2008 წელს მე ვიყრიდი კენჭს, ვიღებდი მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, ჩემი ოფისის წინ გამიხსნეს ხელყუმბარა, ბატონი ბაქარი იყო პროკურორი; იქნებ, იქედან ახსოვდეს, როგორ დამალა ეს საქმე, როგორ მიჩქმალა, როგორ არ გამოავლინა დამნაშავეები. ან თუნდაც ის გაიხსენოს, როცა რამდენიმე მოქმედი პოლიციელი დააკავა უკანონოდ და თავის ოჯახის წევრს ხელი დააფარა. იქნებ, ასეთი ფაქტები გაიხსენოს? ეს არის ისეთი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც მოქცეულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ტყვეობაში. როგორც მათ წლების განმავლობაში სჩვევიათ სიცრუეზე წინასაარჩევნო მარათონის აგება, ისიც იმავე მეთოდებით აგრძელებს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს მუნიციპალიტეტსა და სხვა მუნიციპალიტეტებში. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია, რომელსაც რაღაც დებოშის, რაღაცა ხმაურის საფუძველზე უნდა მოსახლეობის ყურადღება მიიპყროს, რაც, მერწმუნეთ, რომ არ გამოვა“, – განაცხადა გოგლიძიძემ.
მანვე თავის კიდევ ერთი კონკურენტის, გოგი წულაიას შესახებაც ისაუბრა.
„ვფიქრობ, გოგი წულაიამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო იმისათვის, რომ ჰქონდეს მეტი საეთერო დრო, თუნდაც თქვენს სააგენტოში, ან რომელიმე სხვა ტელევიზიაში. მე ვერ შევაფასებ გოგი წულაიას იმ მხრივ, რომ მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება. მას ნამდვილად დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, სხვათა შორის, ის იყო პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მიხარია, რომ გოგი წულაია მონაწილეობს არჩვენებში იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული ლიდერი, მათი წევრი და რას წარმოადგენს, ზოგადად, „ნაციოანლური მოძრაობა“ არა როგორც სხვა კანდიდატები, რომლებიც, რატომღაც, დაკავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ფერებით და რამდენიმე კანდიდატი სატელიტებად მინდა, მოვიხსენიო, ბატონი გოგი წულაია, მჯერა იტყვის სათანადო სიტყვას – რა აქვთ გაკეთებული, რას ჩადიოდნენ წლების განმავლობაში. ბატონ გოგის უფრო ამ მხრივ ვხედავ, რომ ის იღებს მონაწილეობას იმისათვის, რომ მას ჰქონდეს საშუალება, მეტად წარუდგეს საზოგადოებას, მეტად ესაუბროს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუქმნა ქვეყანას“, – განაცხადა გოგლიჩიძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები