მერაბ კაკულია: ნათია თურნავა არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი და საინტერესო იყო მინისტრის რანგში მისი ხედვების მოსმენა

„უნდა აღვნიშნო, რომ დიდი ხანია, საქართველოს არ ჰყოლია პროფესიონალი ეკონომისტი ეკონომიკის მინისტრად და ძალიან სასიამოვნოა, რომ ნათია თურნავა არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი, შესაბამისად, საინტერესო იყო მინისტრის რანგში მისი ხედვების მოსმენა”, – ამის შესახებ პროფესორმა მერაბ კაკულიამ ნათია თურნავასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა დღეს მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებს საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
„მივიჩნევ, რომ მინისტრმა ძალიან საგნობრივად და კონკრეტულად მიმოიხილა ის ძირითადი პრინციპები, რომლებსაც დაეყრდნობა საქართველოს ეკონომიკური სტრატეგია. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ეკონომიკური ზრდის ფაქტორებსა და იმ რეზერვებს, რომლებიც საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდის ტემპების დასაჩქარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური პოლიტიკის შედეგიანობაზე, რომ ის მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე, ანუ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს ინკლუზიური”, – აღნიშნა კაკულიამ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებია საჭირო და მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია.
„იმედი მაქვს, იმ ფორმატში, რომელშიც ქალბატონი ნათია აპირებს მუშაობის წარმართვას, შესაძლებელი იქნება, რომ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები ბევრმა ადამიანმა იგრძნოს”,- განაცხადა მერაბ კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები