ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს. სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით მეორე მსოფლიო ომის ობელისკი შეამკეს და ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს.
დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და ამ გამარჯვებაში ვეტერანების დამსახურებაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა – ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გიორგი კოპაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა – ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ – გელა ნოზაძემ და ვეტერანთა საქმეების რეგიონული სამმართველოს უფროსმა – დავით ფეიქრიშვილმა.
ომის მონაწილეთა პატივსაცემად ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე იზეიმეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ქალაქ ვალესა და სოფლებში: ტყემლანაში, აგარაში, გიორგიწმინდაში, კლდეში, წყრუთში, სხვილისში, წყალთბილაში, აბათხევში, წინუბაში, საძელში, პამაჯში, მუსხსა და მუგარეთში არსებული ობელისკები. ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა საზეიმო ღონისძიებებიც.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, ის ვეტერანები, რომლებმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებებზე მისვლა ვერ შეძლეს, ოჯახებში მოინახულეს და პრემიერისა და მერიის საჩუქრები პირადად გადასცეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9 ვეტერანს მთავრობის მეთაურის მისალოცი ბარათი და ადგილობრივი თვითმმართველობისგან საჩუქარი გადაეცა, ასევე, გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება. თითოეული მუნიციპალიტეტისგან 700 ლარით, ხოლო მთავრობისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარით, მარჩენალდაკარგულთა ოჯახები კი 300 ლარით დასაჩუქრდნენ.