მარნეულში ფერმერს 54 სული პირუტყვი დაეხოცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ადგილობრივ ფერმერს რქოსანი პირუტყვი დაეხოცა. ამ წუთებში ადგილზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები მუშაობენ. სოფელ ყიზილაჯლოში მერის წარმომადგენლის, ფაიგ ქაიქოჯაევის განცხადებით, საქონლის მეპატრონემ წამალი ქალაქ მარნეულში შეიძინა, დაბანვის შემდეგ კი 54 მსხვილფეხა რქოსანი დაიხოცა.
აღნიშნულ ფაქტზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
“ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი. მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.