ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდა გახდეს ინკლუზიური, რომელიც ყველა ოჯახამდე მივა

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდა გახდეს ინკლუზიური, ანუ მივიღოთ ზრდა, რომელშიც ყველაა ჩართული და ყველა ოჯახამდეა მისული“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
ამასთან, მინისტრმა განმარტავს, თუ როგორ აპირებს იგი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.
„სწრაფი ეფექტური გადაწყვეტილებები, დაჩქარებული პროექტები – არცერთი გაჩერებული პროექტი ჩვენთან არ იქნება. ტემპები, მეტი გამჭვირვალობა, სრული გაციფრულება ჩვენი სერვისებისა – დაწყებული ქონების მართვიდან და პრივატიზაციიდან, დამთავრებული წიაღისეულის ლიცენზიების გაცემით. ეს არის ძალიან დიდი რეზერვი, რომელსაც გამოვიყენებთ.
ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამოწვევას ჩვენ, პირველ ყოვლისა, ვუპასუხებთ სწრაფი, დაჩქარებული, ეფექტური გადაწყვეტილებებით და ჩვენი სამინისტრო ამ თვალსაზრისით გახდება სანიმუშო. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდა გახდეს ინკლუზიური, ანუ მივიღოთ ზრდა, რომელშიც ყველაა ჩართული და ყველა ოჯახამდეა მისული. ამისთვის ვფიქრობთ, აქცენტი გავაკეთოთ ქართული ბიზნესის ინტერესების მეტ და განახლებული ფორმით დაცვაზე შიდა და გარე ბაზრებზე. მეორე მიმართულებაა სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, გაზი, ფიქსირებული ინტერნეტი, ხარისხიანი ელექტროენერგია ყველა ოჯახში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები