გიორგი კასრაძე: “ევროპულ საქართველოს” ჭიათურელები შეცდომაში შეჰყავს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, გიორგი კასრაძე “ევროპული საქართველოსა” და ჭიათურის მერობის  მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, დავით ჭუმბურიძის აქტივისტებს დეზონფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. კასრაძე “კვირასთან” საუბარში ამბობს, რომ “ევროპული საქართველოსა” და კანდიდატის აქტივისტები მოსახლეობას ეუბნებიან, თითქოს, თავად კასრაძე და მისი პარტია ჭუმბურიძეს უჭერენ მხარს.

,,არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჭიათურის საზოგადოებაში გარკვეული ჯგუფები ხელოვნურად ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას, თითქოს, პირადად მე ან ჩვენი პოლიტიკური პარტია – ,,პატრიოტთა ალიანსი“ რომელიმე კანდიდატს უჭერს მხარს. ამ შემთხვევაში, რა ინფორმაციასაც მე ვფლობ, აქტიურობს “ევროპული საქართველოს” გარკვეული აქტივი, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ “პატრიოტთა ალიანსი”, ან მე მხარს ვუჭერთ მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს – ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს”, – აცხადებს გიორგი კასრაძე.
ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დავით ჭუმბურიძე, რომელსაც მხარი “ევროპულმა საქართველომ” დაუჭირა, “კვირასთან” საუბარში გამორიცხავს ფაქტს, რომ მისი მხარდამჭერები მოსახლეობას “პატრიოტთა ალიანსის” სახელით ესაუბრებიან.
“პატრიოტთა ალიანსის”, როგორც პარტიის წარმომადგენლების ხსენებას, გამოვრიცხავ და არ მაქვს დადასტურებელი ინფორმაცია. თუ გიორგის აქვს კონკრეტული სახელი და გვარები იმ ადამიანებისა, რომლებიც მის სახელს იყენებენ, მე შემიძლია, რომ გიორგისთან ერთად შევხვდე ამ ადამიანებს და ვუთხრა, რომ კონკრეტულად გიორგისა და “პატრიოტთა ალიანსის” სახელი არ გამოიყენონ იმიტომ, რომ ჩემს საარჩევნო კამპანიაში “პატრიოტთა ალიანსი” ჩართული არ არის”, – განაცხადა დავით ჭუმბურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები